მათ წინაშე წარდგა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსი გიორგი მიშელაძე. მან განმარტა, რომ დღევანდელი შეხვედრა ძირითადად საინფორმაციო ხასიათისაა. ორი დღის წინ მოხდა აღნიშნული სააგენტოს პრეზენტაცია და დაიწყო კიდეც რეგიონული შეხვედრები.
“მართალია, თოითოეულ სოფელში ვერ შევალთ, მაგრამ ყველა რეგიონში შევარჩევთ სამ-ოთხ დიდ სოფელს და შევხვდებით გლეხებს. თითოეულ ადამიანამდე უნდა მივიდეს ინფორმაცია, რომ დღევანდელი მთავრობა პრიორიტეტად მიიჩნევს სოფლის მეურნეობის განვითარებას. უნდა განვუმარტოთ, რატომ უნდა გაწევრიანდეს გლეხი კოოპერატივში, რომელიც არის აგრარული სექტორის განვითარების ყველაზე უპრიანი სფერო,” _ თქვა მიშელაძემ და დაწვრილებით ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კანონის არსზე, რაც მიზნად ისახავს საოჯახო მეურნეობების განვითარებას, მათ კოოპერირებას, სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობას, სოფელში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას და იქ სიღარიბის აღმოფხვრას, მიგრაციის შეჩერებას.
სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა შველიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას განმარტა, რომ დღევანდელი შეხვედრა მიზნობრივ მონიტორინგს აწარმოებს, რათა ზუსტი ინფორმაცია მივიდეს ყველა მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, კოოპერატივების შესახებ კანონის მიღების თაობაზე.
“აღმოსავლეთის ყველა რეგიონი მოვიარეთ. დასავლეთში, დღეს გურიაში ვართ, დარჩა აჭარა, რომელსაც ხვალ ვეწვევით. ჩვენი სამსახური მომავალში მზად იქნება, ყველა თქვენს კითხვას უპასუხოს და დაეხმაროს კოოპერატივების შექმნა-განვითარების საქმეს საქართველოში,” _ უთხრა “გურია ნიუსს” შველიძემ.