_ ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ პრესკონფერენციაზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ქ. ქუთაისში სასამართლო განხილვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ განზრახ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.
მოწმის წარმდგენი მხარე (როგორც დაცვის, ასევე ბრალდების) ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლოში მოწმის დროული გამოცხადება და საჭიროების შემთხვევაში განუმარტოს მხარეს სასამართლოში მოქცევის წესი და უფლება-მოვალეობები.
პროკურორის საქმიანობის ხელშესაწყობად, 2011 წლის აგვისტოდან, პროკურატურის სისტემაში მოქმედებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და უფლება-მოვალეობებზე მოწმისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, პროკურორისა და მოქალაქის შეხვედრის ორგანიზებას მოქალაქის სურვილის შემთხვევაში, რაც ხელს უწყობს მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელებას და ეხმარება მოწმეს სათანადოდ წარდგეს სასამართლოს წინაშე.
ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდების საქმეზე დაკითხულია რამოდენიმე ათასი მოწმე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მოწმეთა უმრავლესობისთვის უცნობია ქ. ქუთაისში სასამართლოს ადგილმდებარეობა, აგრეთვე სასამართლოში მოქცევისა და ჩვენების მიცემის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული წესები.
აღნიშნულ საქმეზე დასაკითხ მოწმეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დასაკითხ პირს, ხვდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი და განუმარტავს მას სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს, ხოლო საქართველოს იმ რეგიონებში სადაც არ არის დანიშნული კოორდინატორი, მის ფუნქციას ასრულებს პროკურორი.
აქვე აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეც არ არის შეზღუდული სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეხვდეს დაცვის მხარის მოწმეს და განუმარტოს მას სასამართლოსთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის განცხადებები, რომლებიც ეხება სასამართლოში წარდგენამდე მოწმესთან გასაუბრების დაუშვებლობას, უსაფუძვლოა და მიზანმიმართულად ემსახურება ბრალდების მხარის მოწმეთა დისკრედიტაციას, მათზე ზემოქმედებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.