სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოსამზადებელ ეტაპზე გაწეული სამუშაო განიხილეს და შეაჯამეს. პროგრამის ინიცირება სავარაუდოდ 2013 წლის დეკემბერში მოხდება.
პროგრამის მიზანია პენიტენციურ სისტემაში პატიმართა შორის სუიციდის მცდელობების და სუიციდით გამოწვეული სიკვდილობის შემცირება. პროგრამამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს თვითმკვლელობის რისკის მქონე პირთა დროული აღმოჩენა, მათთვის სათანადო ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული და სოციალური დახმარების მობილიზება და იმ პირთა დახმარებაც, რომელთაც სუიციდის მცდელობა უკვე ჰქონდათ.
პროგრამა როგორც ზრდასრულ პატიმრებს, ასევე არასრულწლოვან პატიმრებსაც მოიცავს და მის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტები მონაწილეობენ.
მსგავსი პროგრამების გამოცდილება აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დანიას, ნორვეგიას, გერმანიას, ავსტრიას და სხვა ქვეყნებს, როგორც პენიტენციურ ასევე საგანმანათლებლო სისტემებში.