დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, არმაზ ახვლედიანმა ხვალინდელ ყრილობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყრილობაზე შეფასდება წინა ყრილობიდან დღემდე გაკეთებული საქმეები და შედეგები.
“ხვალ ყრილობა გაიხსნება 1 საათზე. მოვისმენთ პარტიის პოლიტსაბჭოს ანგარიშს, შემდეგ აირჩევა ახალი თავმჯდომარე, ახალი პოლიტსაბჭო შემცირებული რაოდენობით, პარტიის ახალი გენერალური მდივანი და მოვისმენთ ბიძინა ივანიშვილის გამოსამშვიდობებელ სიტყვას. ყრილობა არ გაგრძელდება დიდხანს, ალბათ სულ საათნახევარს გასტანს. ხვალიდან პარტია გადავა მუშაობის ახალ სისტემაზე, რომელიც საკმაოდ დიდი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის”.
არმაზ ახვლედიანი შეეხო “ვარდების რევოლუციის” 10 წლისთავსაც და აღნიშნა, რომ არც 2003 წელს და არც უფრო ადრე არასდროს ყოფილა ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის მომხრე.
“ათი წლის წინანდელი პოლიტიკური პროცესი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ნაწილია. კიდევ უნდა გავიდეს დრო, რომ სწორი ანალიზი გაკეთდეს, თუ რა მოხდა და რა შედეგი მოიტანა. ბევრ ადამიანს მაშინ ამოძრავებდა კეთილი სურვილი საუკეთესო საქართველოსთვის, მაგრამ მიზეზთა გამო ჩვენ შევედით პოლიტიკურ ჩიხში. მე ყოველთვის ვიყავი ამ ძალის ხელისუფლებაში მოსვლის, რადგან კარგად ვიცნობდი და ვიცნობ ამ მოძრაობის ლიდერებს, თუმცა ასე მოაზროვნეები მაშინ ცოტანი ვიყავით და ხალხს ჰქონდა მოლოდინი უკეთესობისა. მართლაც, ის ლოზუნგები, რომლითაც ისინი მოვიდნენ, იყო შთაბეჭდილების მომხდენი, მაგრამ სამწუხარო შედეგი მივიღეთ. ახლა საჭიროს ყველაფერი გაანალიზდეს, თუ რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ აღარასოდეს არავინ არ გაიმეოროს ეს შეცდომები”.
ახვლედიანმა განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს სამიტი საეტაპო ნაბიჯია ევროპისკენ, მაგრამ წინა ნაბიჯებისგან განსხვავებით ყოველგვარ ეჭვს და ორჭოფობას მოკლებული.
“ვილნიუსის სამიტზე საქართველო წელგამართული მიდის კარგი გუნდით. ეს სამიტი იქნება ევროპისკენ სავალ გზაზე საეტაპო ნაბიჯი. დასავლეთმა დაინახა ქართული სახელმწიფოს წარმატებული ნაბიჯები და ყველამ აღიარა, რომ არჩევნებით საქართველომ ჩააბარა დემოკრატიის გამოცდა”.