დღეს კი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
“როგორც ცნობილია, ხელისუფლების მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია თვითმმართველობის კოდექსის პროექტი და დაიწყო შესაბამისი საკანონმდებლო პროცესი.
ზემოაღნიშნული დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ძირეულ რეფორმას, არ ყოფილა განხილული პოლიტიკურ პარტიებთან და პრაქტიკულად ერთპარტიული თვითშემოქმედებაა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეა შეწყდა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაც. ოპოზიციისთვის უცნობია ადგილობრივი არჩევნების მიახლოებითი თარიღი და საარჩევნო სისტემის ძირითადი პრინციპებიც კი.
იგივე უნდა ითქვას საკონსტიტუციო კომისიის შესახებაც, სადაც აგრეთვე არათანაბრადაა წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი.
წარმოდგენილი რეფორმის კონცეფცია ასევე არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ გაუვლია ვენეციის კომისიის და სხვა კომპეტენტური ორგანოების ექსპერტიზა.
ხელისუფლების ზემოაღნიშნული ქმედებები არ წარმოადგენს კონტექსტიდან ამოგლეჯილ ეპიზოდებს. „ქართული ოცნება“, ისევე როგორც მისი წინამორბედი ავტორიტარული მთავრობები, ცდილობს მოირგოს საარჩევნო გარემო, რათა უზრუნველყოს აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ არჩევნებზე არაკონკურენტულ გარემოში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
1. დაუყოვნებლივ განახლდეს საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, რათა 2014 წლის არჩევნებზე უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის განვითარება;
2. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განხილულ იქნეს ღია ფორმატში, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და განხორციელდეს აღნიშნული პროექტის საერთაშორისო ექსპერტიზა.
ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს ზემოაღნიშნულ პროცესს, რათა ანტიდემოკრატიულმა ტენდენციებმა ახალი ხელისუფლების პირობებში არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი”, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
1. ახალი მემარჯვენეები – ფიქრია ჩიხრაძე
2. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო ნინო ბურჯანაძე
3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა
4. თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა
5. ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია
6. ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი
7. სამართლიანი საქართველოსთვის – სერგო ჯავახიძე
8. ტრადიციონალისტთა კავშირი – აკაკი ასათიანი
9. ქალთა პარტია – ხათუნა მაჭავარიანი
10. ქართული დასი – ჯონდი ბაღათურია
11. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – გიორგი თარგამაძე
12. ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია – რატი მაისურაძე