მისი თქმით, ბევრი საკითხის გადაწყვეტაში მაჟორიტარს არ ჰყოფნის კომპეტენცია და საჭიროა სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობა.
“დღეში სამოცდაათამდე ადამიანი მოდის, ვისმენ პრობლემებს, მაგრამ მარტო მოსმენა და ჩაწერა ხომ არაა, საჭიროა ამ პრობლემის გადაჭრა. დეპუტატებს არანაირი ფონდი არ გაგვაჩნია, ბევრი ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რომელსაც ხალხი ითხოვს, უშუალოდ მერიის ფუნქციაა. მარიის სტრუქტურები სწორედ იმიტომ იღებენ ხელფასს, რომ ხალხს ემსახურონ. საჭიროა ურთიერთთანამშრომლობა. მაჟორიტარი მარიონეტი ხომ არ არის, მხოლოდ იმისთვის ვიჯდეთ პარლამენტში, რაღაც საკითხის კენჭისყრის დროს ხელი ავწიოთ ან არ ავწიოთ. მე თუ პარტნიორი არ მეყოლება ხელისუფლებაში, ისე ხალხს ვერ დავეხმარები. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემი ამომრჩევლის წინაშე და ყველა ღონეს ვხმარობ კომპეტენციის ფარგლებში დავეხმარო მათ. ადრე თბილისის ყველა უბანს ჰქონდა საბავშვო ბაღი, პოლიკლინიკა, კინო და ასე იყო აწყობილი უბნები. ახლა ყველაფერი გასხვისდა. ერთი უბნიდან სხვა უბანში უწევთ პოლიკლინიკაში სიარული, იქაც რიგებია. 1 ლარადაა გაჩუქებული თბილისი, ქრებიან უბნებიდან შენობები. რატომღაც მავანს და მავანს ავიწყდება, რომ ერთ დროს ყველას ყველაფერი მოეკითხება, ჩვენ ჯერ ადამიანები ვართ და მერე ვართ დეპუტატები, მერები, საჯარო მოხელეები,” _ აცხადებს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, თბილისი იერ-სახეს კარგავს და ამის გამომწვევ მიზეზად უსახური მშენებლობების გაშენებაზე გაცემულ ლიცენზიებს ასახელებს. იგი მიიჩნევს, რომ თვითრეგულირებაში უნდა გადავიდეს პროცესი და აღნიშნა, რომ თვითმმართველობა და მერი უნდა იყოს ხალხის სამსახურში. პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების მერე ყველაფერი დარეგულირდება.
უმრავლესობის წევრი თბილისის მერის კანდიდატად დავით ნარმანიას დასახელებასაც შეეხო და განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ამ კანდიდატურის დასახელება და პირადად მისი შეხედულება დადებითი არ არის.
“ამ ქალაქის გენში ვზივარ და ვერავის გამო თავს ვერ მოვიტყუებ. ნარმანიას კარგად არ ვიცნობ, როგორც მინისტრმა ბევრი კარგი რამ გააკეთა და მისი მუშაობა დადებით შეფასებას იმსახურებს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატის მიმართ არ ვარ დადებითად განწყობილი. მის პიროვნებას არ ვაკნინებ, მაგრამ თბილისზე ვლაპარაკობ. რა ვქნა, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. წინ დროა, იმედი მაქვს კიდევ იქნებიან კანდიდატები და თბილისელებს არჩევანის საშუალება გვექნება,” _ განაცხადა პაპუაშვილმა.