რამდენიმე დღე და ბახმაროში საკურორტო სეზონი გაიხსნება. ჩვენი ინფორმაციით, გზის რამდენიმე მონაკვეთი სასწრაფოდაა გასამაგრებელი და გასაწმენდი, მწყობრიდან გამოსულია და შესაცვლელია ელექტრობოძები, აღსადგენია სადენები, შესაკეთებელია ტრანსფორმატორი, წყლის მილები ამორტიზირებულია, წყლის სათავე ნაგებობა მოსაწესრიგებელი, დასუფთავების მეურნეობა მოსაწესრიგებელი; შესაკეთებელია ეკლესიის შენობა და შესაღობია ეზო. მოკლედ, ბახმაროს პრობლემების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ჩვენ დავუკავშირდით გზის შეკეთებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის _ “გზამშენი 18”-ის გენერალურ დირექტორს, თემურ ჯახვას, რომელმაც თქვა, რომ უკვე ერთი კვირაა გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს; პარალელურად, ქვა-ღორღისაგან იწმინდება გზა და მუშაობა რამდენიმე დღეში დამთავრდება. ბატონი თემურის თქმით, მთავარია, რომ ტრანსპორტის მოძრაობას ხელი არ ეშლება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ჩოხატაურის ფილიალის უფროსი, სერგო გეგეშიძე: _ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყავით კურორტზე ელექტრომეურნეობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი, რაც უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს, ჩვენმა ხელმძღვანელობამ გააკეთა 2-წლიანი პროექტი, რომლის მიხედვითაც, ეტაპობრივად წარიმართება მუშაობა. დღეისათვის ბოძები ატანილია და მიმდინარეობს მისი ჩაბეტონება. შემდეგ ვიმუშავებთ ტრანსფორმატორის გამართვასა და ხაზებზე; ცენტრი, მის მიმდებარე ქუჩები და ბახვის წყლის მიმდებარე ტერიტორია განათებული იქნება. მომავალი წლისთვის კი ვგეგმავთ გამრიცხველიანებას. თითოეული სახლის მფლობელი ვალდებულია დარეგისტრირდეს, რომ რაიმე შეფერხებას ადგილი არ ჰქონდეს, _ გვითხრა გეგეშიძემ.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ “დიდთოვლობამ სერიოზული ზიანი მიაყენა წყლის სათავე ნაგებობას, რომლის მოწესრიგება უკვე დაწყებულია, რამდენიმე ადგილას შესაკეთებელია მილი და კიდევ ერთი ხაზი დაემატება სათავიდან ცენტრამდე. რაც შეეხება ნაგავსაყრელს, გამოინახა ტერიტორია, რომელიც შემოიღობება, ამოითხრება და ნაგვის მანქანა ყოველდღიურად მოსახლეობაში მოგროვებულ ნაგავს ორმოში ჩაყრის. ორმო სეზონის ბოლოს დაიხურება”.
_ ტარდება მოსამზადებელი სამუშაოები, მგზავრთა გადასაყვანად უკვე დანიშნულია ტრანსპორტი, კურორტზე იმუშავებს პოლიკლინიკა, ყოველდღიური ბაზარი ექიმითა და ლაბორატორიით, პოლიცია, აბანო, მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთების ჯიხური, გასართობი საშუალებები ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ბახმაროს კორდინატორი გახლავთ გამგებლის მოადგილე დიმიტრი კორიფაძე, ადგილზე პასუხისმგებელნი იქნებიან გამგეობის სპეციალისტები საშა წიქარიძე და ჯონი კუტუბიძე, რომელთაც ზედამხედველობის სამსახურიდან დაემატებათ ერთი თანამშრომელი. ვფიქრობთ, 20 ივლისიდან ყველაფერი წესრიგში გვექნება, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ.