ამის შესახებ “გურია ნიუსს” იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მარიამ სხილაძემ უთხრა.
“როგორც იცით, ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე თეა წულუკიანის მოადგილედ დაინიშნა, მის მოვალეობას კი ჯერჯერობით მისი მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე შეასრულებს. ოფიციალურად როდის ეყოლება ბიუროს ხელმძღვანელი, ნამდვილად ვერ გეტყვით”, _ გვითხრა სხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე ამ თანამდებობაზე 2012 წლის ნოემბრის ბოლოს დაინიშნა. რაც შეეხება ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვლადიმერ გურგენიძეს, ის 1980 წლის 8 თებერვალს თბილისში დაიბადა.
2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაციით.
1999-2002 წლებში სწავლის პარალელურად დაიწყო მუშაობა კომერციულ ბანკ “თიბისი ბანკში” იურისტის თანამდებობაზე.
2002 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრის წოდება.
2002 წლიდან გააგრძელა საქმიანობა იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე “თიბისი ბანკის” მიერ დაფუძნებულ კერძო საპენსიო ფონდ “ჯი-პი-აი”-ში.
2005-2007 წლებში იყო შპს “სითი ცენტრის” პროექტის მენეჯერი.
პარალელურად ხელმძღვანელობს საცალო სავაჭრო ქსელ “ჯი-თი კორპს”.
2011 წელს გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში ბიზნესის ადმინისტრირების შემსწავლელ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა.
2012 წელს სასწავლო პროგრამის პროცესში პრაქტიკებზე წარგზავნილი იყო ჩინეთში ორკვირიანი ვადით.
პროგრამის დასრულებისთანავე გაიარა პრაქტიკა ნავთობის და გაზის ექსპორტიორ კომპანიაში დიდ ბრიტანეთში (Mira Energy Corp).
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.


































































