ჩვენს მხარეში ბევრს საუბრობენ ვალერი ჩიტაიშვილის ლობისტებზე. ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის თაობაზეც, თუმცა, ჩიტაიშვილმა თანამდებობის შენარჩუნება ამჯერად მოახერხა. მასთან საუბარიც, სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
_ ბატონო ვალერი, გურულები მიჩვეულები არიან, რომ გუბერნატორები არჩევნებიდან არჩევნებამდე ენიშნებათ… როგორც წესი, მმართველი პარტიისთვის წარმატებულ არჩევნებს დაწინაურება მოჰყვება, წარუმატებელს _ მოხსნა. ამის არაერთი მაგალითია ჩვენს ახლო წარსულში… ნარევოლუციებ საქართველოში, გურიაში ყველაზე დიდხანს თქვენ გაგაჩერეს გუბერნატორად. ამბობენ, რომ თანამდებობაზე რამაზ ნიკოლაიშვილის მხარდაჭერით ხართ…
_ დრო არჩევნებიდან არჩევნებამდე არ არის თანამდებობაზე ყოფნის დადგენილი ვადა. პირადად მე, არჩევნებთან პარალელს ვერ გავავლებდი, რადგან ყველასთვის ცნობილია ჩემი სხვადასხვა სამსახურში ყოფნის ეტაპები. თუმცა, არჩევნები ერთგვარი შეფასებაა შენ მიერ გაკეთებული საქმეებისა. ყველაზე დიდხანს ჩემი გუბერნატორად ყოფნა იმის მაგალითია, რომ ალბათ, ყველაზე კარგად მესმის ხალხის. მიხარია, რომ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად მომიწია მუშაობა და მისი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია. რამაზ ნიკოლაიშვილი მარტო მე კი არა, მთელ გურიას უჭერს მხარს.
_ გასულ წელს საუბარი იყო საჯარო სამსახურის მოსამსახურეთა ტესტირებაზე. უფრო მეტიც, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მათ სასწავლო მასალაც კი დაურიგდათ. დღემდე აუხსნელი მიზეზების გამო, ტესტირებები გადაიდო. რამ განაპირობა ტესტირების ჩაშლა? ხელისუფლება თავისი კადრების პროფესიონალიზმში დარწმუნებული არ იყო?
_ ტესტირებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ 2011 წლის 1 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვით საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეკისრებათ ვალდებულება საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადონ, საჯარო სამსახურის მიერ რეგისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით. ცვლილება ძალაში შედის 2011 წლის 30 ივნისიდან, ასე რომ, დღეიდან უკვე კანონი ძალაშია და მეც და თქვენც ამას მხოლოდ მივესალმებით.
_ ჩვენ ხშირად ვწერთ, რომ გურიაში, საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. გუბერნატორი თუ გვეთანხმება ამ საკითხში?
_ თუ ადამიანს კვალიფიკაციისა და პროფესიული განვითარების საშუალება არ მიეცა, ლოგიკურია, რომ ის ვერასდროს გახდება კვალიფიციური ვერც გურიაში და ვერც სხვა კუთხეში.
_ ბატონო ვალერი, ალბათ, არ შემეკამათებით, რომ თანამდებობებზე ნაცნობობით ინიშნებიან და სწორედ ეს განაპირობებს არაპროფესიონალი კადრების არსებობას. და თუ შემეკამათებით, დასტურად იმ ფაქტებს მოგიყვანთ, რომელიც ჩოხატაურში (არც სხვა რაიონებია გამონაკლისი) მრავლად მოიპოვება. რძალ-მული, დედა-შვილი, და-ძმა _ სწორედ ასეა კადრები გადანაწილებული ჩოხატაურში. გახსოვთ ალბათ, რომ პირადად გამოგიგზავნეთ იმ განცხადებათა ასლები, რომლებიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იყო შეტანილი დასაქმების თხოვნით… ამ ყველაფრით მხოლოდ იმის თქმა გვსურდა, რომ თუკი იქნება სამსახურში მიღების გამართული წესი და ყველაფერს ნაცნობობა არ გადაწყვეტს, ჩვენი მხარის და რაიონის საქმე უკეთ იქნება… თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
_ თქვენ ადგილას სიტყვა “კამათს” არ მოვიშველიებდი, რადგან კამათი სწორ დასკვნამდე არ მიგვიყვანს. მეც უამრავ მაგალითს დაგისახელებთ, როცა ერთი ოჯახის წევრები მუშაობენ, და აქ გასაოცარს ვერაფერს ვხედავ. მთავარია, ოჯახის წევრების თანამდებობები ერთმანეთთან იურიდიულ შეუთავსებლობაში არ მოდიოდეს და ამით კანონი არ ირღვეოდეს. ნაცნობის მიერ გაწეული რეკომენდაცია კი არ ნიშნავს, რომ მხარის და რაიონის საქმე უკეთ არ არის.
_ ხშირად ამბობთ, რომ ბევრი რამ კეთდება.. თუმცა, არასოდეს ამბობთ კონკრეტულად რა და როგორ კეთდება. ვიცი, რომ პრესას კითხულობთ და ალბათ ისიც გეცოდინებათ, როგორ აღმოჩნდა სოფლის რწმუნებულების სახლში გასული წლის არჩევნების დროს, სოფლის ახალგაზრდებისთვის ნაყიდი ნივთები. სხვა თემაა სჭირდებოდა თუ არა სოფლის ახალგაზრდობას DVD ან სატელიტური ანტენები და როგორ შეძლებდნენ მათ გამოყენებას; მაგრამ ის დადასტურებული ფაქტი, რომ სამსახურში ვერშენახვის მოტივით, ნივთები რწმუნებულებს სახლში აქვთ წაღებული სულ სხვა რამეზე მეტყველებს… თქვენ ასე არ ფიქრობთ?
_ ვინაიდან თქვენ ფიქრობთ, რომ პრესას ვეცნობი, ისიც უნდა იცოდეთ, რომ თითოეული პროექტი, გაკეთებული საქმე და რეგიონის სასიკეთოდ წინგადადგმული ნაბიჯი გამჭვირვალეა და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი დოკუმენტაციის სახით გამოთხოვა. რაც შეეხება სოფლის ახალგაზრდებისთვის შეძენილ ანტენას და DVD, ვერ დაგეთანხმებით მის არა აუცილებლობაში, ან რატომ არის “ეს სხვა თემა”, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. რას გულისხმობთ როცა ამბობთ, “როგორ უნდა გამოიყენონ ეს ნივთები ახალგაზრდებმა?”
(იმას ვგულისხმობთ, ბატონო გუბერნატორო, რომ სოფლის ახალგაზრდებს გაცილებით სხვა პრობლემები აქვთ და იმასაც, რომ მათმა უმრავლესობამ ამ “საჩუქრების” შესახებ არაფერი იცის. ავტ.) რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ DVD და ანტენა რწმუნებულებს ჰქონდათ სახლში წაღებული, ეს ჩემთვის უცნობია და გპირდებით, რომ აუცილებლად დავინტერესდები მაგ ფაქტით.
_ კურორტ ბახმაროს შესახებ უნდა გკითხოთ; ყოველ წელს სეზონი 20 ივნისს იხსნებოდა. თუმცა, ამჯერად, დღესაც კი არ არის გახსნილი. ამ დრომდე მოუწესრიგებელია ელექტროგადამცემი ხაზები, არ არის წყალი… როგორ ფიქრობთ, ტურისტი რომ ბახმაროს ინფრასტრუქტურას ნახავს, იქ დასვენების სურვილი გაუჩნდება?
_ მე არ მახსოვს, რომ 20 ივლისს გახსნილიყო სეზონი და მით უმეტეს, არ გემახსოვრებათ თქვენ (?!). ტურიზმის განვითარება საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ერთი ხელის მოსმით არ გადაიჭრება, ამ ყველაფერს გარკვეული დრო და პერიოდი სჭირდება. ბახმარო თითოეული გურულისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კურორტია, რომელსაც ნამდვილად ესაჭიროება ძირეული ინფრასტრუქტურული გარდაქმნა. რაც შეეხება ელექტროგადამცემ ხაზებს, იქ მუშაობა დაწყებულია და სეზონისათვის მზად იქნება. ანალოგიურად, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტი შეასრულებს, რათა სეზონისთვის პრობლემა არ იყოს.
_ უკეთესი მდგომარეობა არც ურეკშია. მხოლოდ “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული ფოტორეპორტაჟიდან მეორე დღეს დაიწყო გზის საფარის დაგება. რატომ ხდება, რომ ყოველ წელს, გურიის ყველა კურორტი სეზონს მოუმზადებელი ხვდება?… სამუშაოების ცოტა ადრე დაწყება და საზოგადოებისთვის პრობლემების თავიდან აცილება არ შეგიძლიათ?
_ ვხედავ, რომ თავად ცდილობთ თქვენი პოზიციის გაპიარებას და არგუმენტად თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ ფოტორეპორტაჟს იშველიებთ. ასეც რომ იყოს, მე პირადად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან მედია ჩემთვის ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც არასდროს მოგცემს მოდუნების საშუალებას. რაც შეეხება ურეკში მოუმზადებელ სეზონს, ვერ დაგეთანხმებით, თუმცა გეტყვით, რომ ნამდვილად მეტია საჭირო, რაზეც ვმუშაობთ და უახლოეს ხანში კურორტს ახალი იერ-სახე ექნება. ჩვენ ჟურნალისტებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დავათვალიერეთ ურეკის მზადება. სხვა საქმეა, რომ ეს ყველაფერი სწრაფად არ ხდება, თქვენ იცით, რომ სამუშაოებს ახლავს ბევრი პროცედურა, ტენდერების გამოცხადება და ეს დროში გაწელილი პროცესია.
_ თქვენი მთავარი მიღწევა რა არის?
_ თქვენი კითხვის ფორმულირების მიხედვით, ჩემი მხრიდან თვითპრეზენტაცია ვფიქრობ, არ არის საჭირო. ჩემი მიღწევები საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. პასუხიც ლოგიკურია, რადგან საზოგადოება ადამიანის უტყუარი და მართალი შემფასებელია.
_ გამგებლებთან და სამსახურების უფროსებთან ცოტა ხნის წინ გამართულ თათბირის შესახებ მინდა გკითხოთ. პრესის თანდასწრებით საკმაოდ მკაცრი იყავით… ჩვენს ხელისუფლებას, ბოლო დროს, ჟურნალისტების თანდასწრებით ხელქვეითებისთვის ხმის აწევა ძალიან მოსწონს…
_ შეურაცხმყოფელია კითხვა, რომელიც ადამიანს ირიბად მაინც თვალთმაქცობაში ადანაშაულებს; მინდა თავად გკითხოთ _ თქვენი პროფესიული საქმიანობა თქვენივე პიარისა და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებისთვის გჭირდებათ, თუ უბრალოდ, ხართ ჟურნალისტი, რომელსაც ხალხის, საზოგადოების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია? მე ისეთი ვარ, როგორიც უნდა იყოს კაცი, რომელიც მისი ხალხის წინაშე მოვალეა და ვალდებულია იყოს ნამდვილი და მართალი.
_ ჩემს ჟურნალისტურ პროფესიონალიზმს საზოგადოება აფასებს. მეც და ყველა ჩემს თანამშრომელს კარგად გვაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოების წინაშე გვაკისრია და მადლობა უფალს, რომ დღემდე მკითხველი არ მოგვკლებია, _ ეს თქვენი კითხვის პასუხად. ახლა, თქვენი უახლოესი გეგმების შესახებაც გვითხარით… არსებობს ინფორმაცია, რომ საკადრო ცვლილებები იგეგმება და არ არის გამორიცხული, ჩოხატაურში თანამდებობის პირები შეიცვალონ?
_ ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ გურიაში ყველაფერი იდეალურად არის; შესაბამისად, ცვლილებები საჭიროცაა და გარდაუვალიც. საამისოდ ყველანი უნდა ვიყოთ მზად, თუმცა, გეტყვით, რომ არ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება.
_ საარჩევნოდ სამზადისი უკვე დაიწყო. თქვენ თუ ემზადებით და როგორ ფიქრობთ, რამდენი პროცენტით გეგმავს მოგებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა?
_ ზოგადად, ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების მეორე დღიდანვე პოლიტიკური ძალები ახალი არჩევნებისთვის იწყებენ სამზადისს. და ეს სრულიად ნორმალურია. თუმცა, ჩვენ იმდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ამაზე საზრუნავად ვერ ვიცლით. რაც შეეხება პროგნოზებს, ეს ნამდვილად ნაადრევია და მეტიც, ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან არასერიოზულობა იქნება.