“ხუდონჰესის პროექტის კრიტიკის საპასუხოდ, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ბატონმა კახა კალაძემ არაერთხელ გააკეთა განცხადება, პროექტის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს” შორის 2011 წლის აპრილში დადებული ხელშეკრულების გადახედვის მიზნით, 2012 წლის დასასრულს შექმნილი სამუშაო ჯგუფისა და მისი მუშაობის შედეგების შესახებ. მინისტრის განცხადებით, სამუშაო ჯგუფს ხელშეკრულების თაობაზე ჰქონდა მხოლოდ ოთხი შენიშვნა, რომელიც სამინისტრომ გაითვალისწინა და შესაბამისად, ასახა 2013 წლის მაისში ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებში (იხ. კახა კალაძე გადაცემაში “პოლიტმეტრი”, 2013 წ. 11 ნოემბერი: “რა შენიშვნებიც იქნა წარმოდგენილი, ყველა შენიშვნა იქნა გათვალისწინებული”1). ამასთან, მინისტრი პროექტის ოპონენტებს ხშირად ახსენებს, რომ მათ გაუშვეს სამუშაო ჯგუფში თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (იხ. იგივე წყარო: “თუ არსებობდა კითხვები ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რატომ არ დააყენეს მაშინ? ჩვენ ამისთვის შევქმენით ჯგუფი, რომ თუ არსებობდა რაიმე კითხვები, წარედგინათ მათ”). მინისტრის ზემოაღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. მწვანე ალტერნატივა, როგორც სამუშაო ჯგუფის მონაწილე ორგანიზაცია, საჭიროდ თვლის, გააკეთოს განმარტებები ჯგუფის მუშაობის პროცედურული საკითხების, ხელშეკრულების გადახედვისას გამოთქმული შენიშვნებისა და ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ.
პროცედურული საკითხები
2012 წლის დეკემბერში, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით, მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ხუდონჰესის პროექტის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ტრანს ელექტრიკას” შორის 2011 წლის აპრილში დადებული ხელშეკრულების პირობების გადახედვის მიზნით. სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო, დადგენილიყო, საჭიროებდა, თუ არა ხელშეკრულება ცვლილებას. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ მხოლოდ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფში (გარემოს დაცვა და ენერგეტიკული უსაფრთხოება) შემავალი დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები (მათ შორის, მწვანე ალტერნატივა), ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსა და თავად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლები. ჯგუფის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მწვანე ალტერნატივამ არაერთხელ დააყენა საკითხი, რომ ჯგუფში ჩართული ყოფილიყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, რომლებიც ექცეოდნენ პროექტის ზეგავლენის ქვეშ.
სამუშაო ჯგუფმა ისე დაასრულა მუშაობა 2013 წლის მარტში, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა არ იყო უზრუნველყოფილი. მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ადგილობრივების ჩაურთველობას თავდაპირველად ხსნიდა ტექნიკური სიძნელეებით (დაშორება თბილისიდან) და ხელშეკრულების ეფექტურად განხილვის შეფერხებით, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა გაიზრდებოდა. ბოლოს, მან დადო პირობა, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ, ის უბრალოდ გააცნობდა ჯგუფის მუშაობის შედეგებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე საზოგადოებას. საბოლოოდ, ეს დაპირებაც არ შესრულდა. სამუშაო ჯგუფმა მუშაობა მეტად უცნაურად დაასრულა. მაშინ, როდესაც ფორმალურად, ჯგუფს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ხელშეკრულებაზე მუშაობა დასრულებული – არ იყო შეჯერებული ჯგუფის პოზიცია და თითოეულ პუნქტზე/შენიშვნაზე არ იყო გამოკვეთილი ერთობლივი პოზიცია – ენერგეტიკის მინისტრმა მოიწვია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და სამუშაო ჯგუფის წევრები და განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფმა ნაყოფიერად იმუშავა ხუდონჰესის ხელშეკრულებაზე. ამასთან, მინისტრმა დაამატა, რომ სახელმწიფო გეგმავდა მსგავსი ტიპის სამუშაო ჯგუფების შექმნას სხვა ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაშიც. მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ხუდონჰესის პროექტის ხელშეკრულების თაობაზე, აღარ გამართულა. ამგვარად, სამუშაო ჯგუფის მუშაობა ისე შეწყდა, რომ ჯგუფის მიერ ხელშეკრულების გადახედვის პროცესის შედეგები არ იქნა შეჯერებული თავად ჯგუფის წევრებს შორის და მითუმეტეს, არ წარდგენილა ჯგუფის რეკომენდაციები სამინისტროსთვის.
სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები
სამუშაო ჯგუფმა პუნქტობრივად განიხილა ხელშეკრულება და დააფიქსირა დაახლოებით 80-მდე შენიშვნა. შენიშვნების ნაწილი სტილისტური იყო, ნაწილი კი, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფუნდამენტურ საკითხებს ეხებოდა. ქვემოთ სწორედ ეს საკითხებია მოკლედ მიმოხილული:
პროექტის ტექნიკური პარამეტრები – სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ხელშეკრულებით პროექტის ტექნიკური დეტალების (ობიექტის ადგილმდებარეობა, სიმძლავრე, სავარაუდო ინვესტიციის ოდენობა და წლიურად გენერირებული ენერგიის მოცულობა) დადგენა. ხელშეკრულებით ამ დეტალების დადგენის შემთხვევაში, აზრი ეკარგებოდა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას, კერძოდ კი, შეფასების უმთავრესი კომპონენტის – ალტერნატივების განხილვას.
გენერირების ლიცენზია – ხელშეკრულებით, კომპანიას ეძლევა ელექტროენერგიის გენერაციის უფლება განუსაზღვრელი ვადით. სამუშაო ჯგუფის წევრების აზრით, განუსაზღვრელი ვადა უნდა შეცვლილიყო გენერაციის უფლებით სესხის დაფარვის ვადის გათვალისწინებით.
ობიექტის ფლობის უფლება – ხელშეკრულებით, მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, კომპანია ფლობს სრულ უფლებას საკუთრებაში ჰქონდეს და ამუშავებდეს ობიექტს. ჯგუფის წევრების აზრით, ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა უფლება გაეგრძელებინა ობიექტის ფლობა და ექსპლუატაცია.
წინაპირობები (კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების რისკები) – შეთანხმების მე-3 თავში ჩამოთვლილი იყო მთელი რიგი პირობები, რომელთა არსებობაც ხელშეკრულებაში კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, გარკვეულწილად, დამოკიდებულს ხდიდა მესამე პირებზე, რომლებიც ხელშეკრულების მხარეები არ იყვნენ. ჯგუფის წევრთა აზრით, ეს ზრდიდა რისკებს კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით,
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის რეგულაცია – სამუშაო ჯგუფის წევრების აზრით, აუცილებელი იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხები დარეგულირებული ყოფილიყო ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
განსახლების საკითხები – სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის მიუღებელი იყო იძულებითი განსახლების საკითხის შესახებ ხელშეკრულებაში არსებული ფორმულირება. ჯგუფის წევრთა აზრით, აუცილებელი იყო სულ მცირე, მსოფლიო ბანკის 4.12 პოლიტიკის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად.
მხარეთა უფლებები და მოვალეობები – სამუშაო ჯგუფის წევრები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ხელშეკრულების იმ პუნქტის თაობაზე, რომელიც აძლევდა შესაძლებლობას კომპანიას, მშენებლობის ნებართვის აღებამდე, აღედგინა ობიექტის არსებული ინფრასტრუქტურა.
გენერირებული ელექტროენერგია და ტარიფი – ხელშეკრულება ადგენდა ჰესის მიერ სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის პერიოდსა (ობიექტის ოპერირების დაწყებიდან 10 წელი, მხოლოდ ზამთრის სამი თვე) და ტარიფს (მიბმული იყო თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის ტარიფთან, არანაკლებ 5.84 აშშ ცენტი). ჯგუფის წევრთა აზრით, აუცილებელი იყო ობიექტის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით, პირველ რიგში, საქართველოს შიდა ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ტარიფით, რომელსაც დაადგენდა სემეკ-ი შესაბამისი წლისთვის, ჭარბი ელექტროენერგია კი შეიძლებოდა გაყიდულიყო საექსპორტო ბაზრებზე. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფის აზრით, კომპანიას ბაზრის თავისუფლად არჩევის უფლება უნდა ჰქონოდა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზრის მოთხოვნის/დეფიციტის არ არსებობის შემთხვევაში.
ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა – ჯგუფის წევრთა აზრით, გადახედვას საჭიროებდა ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმები, სახელმწიფოს ინტერესების უკეთ გათვალისწინების მიზნით. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ვალდებულებების უზრუნველყოფას საბანკო გარანტიით, ხოლო ჯარიმა, პროექტის საერთო ღირებულების გათვალისწინებით, ძალზე მცირე იყო.
ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება – სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ხელშეკრულების ის დებულებები, რომლითაც სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, რომ დახმარებას გაუწევდა კომპანიას პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში. ეს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ თავად პროექტის საჭიროება არ იყო ნათელი.
გადასახადებისგან გათავისუფლება – სახელმწიფოს ინტერესები უგულებელყოფილი იყო ასევე იმით, რომ ხელშეკრულებით, კომპანიას არ უწესდებოდა როიალტი ან სხვა სახის გადასახდელი წყლით სარგებლობაზე. გარდა ამისა, მიუღებელი იყო დებულება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო, გაუარესდა კომპანიის ფინანსური პირობები, კომპანიას უფლება აქვს ამით გამოწვეული ზარალი აინაზღაუროს ტარიფის ზრდით. გარდა დებულების შინაარსისა, ჯგუფის აზრით, ასეთი დებულება ზღუდავდა პარლამენტის ფუნქციებსაც.
სახელმწიფოს მიერ აღებული დამატებითი ვალდებულებები – ხელშეკრულებით, “ენერგოტრანსი” ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გატარება თურქეთში. ჯგუფის წევრთა აზრით, მთავრობამ ამ დებულებით აიღო ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობის ვალდებულება ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გატარების უზრუნველსაყოფად. ეს კი, მიუღებელი იყო ჯგუფის წევრთათვის.
კომპანიისთვის გადაცემული ქონება და უკან დაბრუნების პირობები – განსაკუთრებული კრიტიკის საგანი იყო ხელშეკრულების ის დებულება, რომლითაც სახელმწიფომ 1 აშშ დოლარად გადასცა პროექტისათვის საჭირო მიწა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება კომპანიას და მისცა აღნიშნული ქონების გამოყენების უფლება მის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ქონების ნაციონალიზაციის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია სიმბოლურად გადაცემული ქონება სამართლიანი საბაზრო ფასით დაიბრუნოს უკან. ჯგუფის წევრთა აზრით, აუცილებელი იყო აღნიშნული დებულებების ამოღება ან ამ ქონების ღირებულების შეტანა კომპანიის საწესდებო კაპიტალში.
ხელშეკრულების შეწყვეტა და ზარალის ანაზღაურება – სამუშაო ჯგუფის აზრით, ხელშეკრულებას უნდა დამატებოდა საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგი საფუძვლები: (1) თუ კომპანია უხეშად დაარღვევს მშენებლობისა და გარემოსდაცვით წესებს, ნორმებსა და სტანდარტებს და აღნიშნული საფრთხეს უქმნის მოსახლეობას; და (2) თუ კომპანია არ დათანხმდა მთავრობის მიერ წარმოდგენილ ხუდონჰესის ახალ ალტერნატიულ ვარიანტს თავისი პარამეტრებით (ეს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს შეცვალოს პროექტის პარამეტრები გარემოსდაცვითი, სოციალური ან/და ტექნიკური მოსაზრებებით). გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფისთვის მიუღებელი იყო ხელშეკრულების ის დებულებები, რომელიც ითვალისწინებს, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, აქტივების დაბრუნებას. დაბრუნების მომენტში მიწა და სხვა ქონება შეიძლება უკვე დატვირთული იყოს ვალდებულებებით, რაც წამგებიან სიტუაციაში ჩააყენებს სახელმწიფოს. გარდა ამისა, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს დაზიანებული გარემოს რეაბილიტაციისთვის კომპანიის მიერ კომპენსირების მექანიზმს და შესაბამის ფინანსური გარანტიებს, თუ ხელშეკრულება შეწყდება კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევის მიზეზით.
ჩანაცვლების უფლებები (მსესხებელთან კავშირში) – სამუშაო ჯგუფისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ხელშეკრულების დებულები, რომელთა თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კომპანია არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველოს მთავრობას არ შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეთანხმება – მთავრობა ვალდებულია ჯერ მიმართოს მსესხებელს (პროექტის განხორციელებისთვის სესხის ან ფინანსების გამომყოფ პირს) და გაიაროს საკმაოდ ხანგძლივვადიანი პროცედურა პროექტში დამრღვევი კომპანიის სხვა კომპანიით ჩასანაცვლებლად ახალი პირობებით. გარდა იმისა, რომ ეს დებულებები შეიცავს გარკვეულ შეზღუდვებს საქართველოს მთავრობისთვის და კომპანიას ერთგვარ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, ეს პრაქტიკულად წარმოადგენს სახელმწიფოს ირიბ გარანტიას კომპანიის სასარგებლოდ მსესხებლების მიმართ.
სხვა მოვლენები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ პროექტზე – სამუშაო ჯგუფისთვის მიუღებელი იყო ხელშეკრულების მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ არ წამოიწყებს, არ დაამტკიცებს, არ მისცემს უფლებამოსილებას, თანხმობას ან სხვაგვარად არ დაამტკიცებს რომელიმე პროექტს, განვითარების გეგმას ან სხვა სქემას (ნებისმიერი სახის), რომელსაც შეიძლება 4 ოფ 4 უარყოფითი გავლენა ჰქონდეს (კომპანიის აზრით), ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებზე. ჯგუფის აზრით, ხელშეკრულებაში ამ პუნქტის არსებობას, შესაძლოა ხელი შეეშალა რეგიონის განვითარებისთვის.
ფორს მაჟორი – ჯგუფის აზრით, დაცული არ არის ხელშეკრულებაში ფორსმაჟორული ვითარების საერთაშორისოდ აღიარებული განმარტება და მოცემულია მხოლოდ კომპანიის სასარგებლოდ ინტერპრეტირებული ვითარებები (მაგ., მეწყერი, ზვავი), რითიც კომპანიას ეძლევა საშუალება თავისი ვალდებულებების შესრულება გაამართლოს ხელშეკრულებაში მოცემული ე.წ. ფორსმაჟორული პირობებით.
შეთანხმების ენა – ხელშეკრულება შედგენილ იქნა ინგლისურ ენაზე და არ არსებობს ავთენტური ტექსტი ქართულ ენაზე. ეს მიუღებელი იყო, ვინაიდან პროექტი ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე,
ეკონომიკური სარგებელი – შეთანხმებიდან არ იყო ნათელი, რა კონკრეტული ღირებულების ეკონომიკურ სარგებელს ელოდება სახელმწიფო პროექტიდან. ასეთი გათვლების გარეშე, ჯგუფის წევრთა აზრით, შეუძლებელი იყო პოტენციური რისკებისა (გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოების) და ეკონომიკური მომგებიანობის სრულფასოვანი შეფასება.
ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფის წევრთა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო არამარტო ხელშეკრულების ანულირება, არამედ შესწავლის მიზნით, ხელშეკრულების იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენა. ხელშეკრულების ანულირების სამართლებრივი საფუძველი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უკვე გააჩნდა, ვინაიდან კომპანიას დარღვეული ჰქონდა მშენებლობის ნებართვის აღების ვადა (უნდა მიეღო 2012 წლის 1 სექტემბრამდე). როგორც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემდგომ გადადგმული ნაბიჯებიდან გამოჩნდა, სამინისტრომ/მთავრობამ არ განიხილა ხელშეკრულების ანულირების შესაძლებლობა, თუმცა შეიტანა ცვლილებები დოკუმენტში. 2013 წლის 28 მაისს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად:
1. გარემოზე ზემოქმედებისა ნებართვისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მხარეები გადახედავენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პროექტის ტექნიკურ პარამეტრებს;
2. კომპანია გამომუშავებულ ელექტროენერგიას მიაწვდის საქართველოს ელექტროსისტემას ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში, ნაცვლად სამი თვისა;
3. კომპანია ექსპლუატაციის დაწყებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში გამომუშავებულ ელექტროენერგიას მიყიდის საქართველოს ენერგო-სისტემას ფიქსირებულ 5.84 აშშ ცენტად.
4. საქართველოს მთავრობა და კომპანია, მსოფლიო ბანკის 4.12 პოლიტიკის შესაბამისად, მოამზადებენ ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლებისა და რეაბილიტაციის გეგმას.
ზემოაღნიშნულიდან ნათელია, რომ სამუშაო ჯგუფის შენიშვნების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ იქნა გაზიარებული ენერგეტიკის სამინისტროს მიერ. საბოლოო ჯამში, სამინისტრომ გაითვალისწინა მხოლოდ ორი საკითხი – ჰესის ტექნიკური პარამეტრების ცვლილების შესაძლებლობა და მსოფლიო ბანკის 4.12 პოლიტიკის გამოყენების ვალდებულება. რაც შეეხება ხელშეკრულებაში შეტანილ დანარჩენ ორ ცვლილებას, შეიძლება ითქვას, აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს სამუშაო ჯგუფის მიერ გამოთქმული შენიშვნების სამინისტროსეულ ინტერპრეტაციას და არაფერი აქვს საერთო სამუშაო ჯგუფში მიმდინარე დისკუსიებთან.
ამგვარად, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს და ემსახურება როგორც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,ისე სამუშაო ჯგუფში შემავალი სხვა ორგანიზაციების, მათ შორის, მწვანე ალტერნატივას დისკრედიტაციას,” _ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.