ბოლო ორი თამაში გაარკვევს შემდეგ ეტაპზე გასული 16 გუნდის ვინაობას, ასევე, უეფას ლიგის მონაწილეებს.
გუშინ ლიგაში რვა შეხვედრა ჩატარდა.
ჯგუფი E
სტიაუა _ შალკე. შალკეს არ უნდა წაეგო ბუქარესტში, თორემ ძალიან გაუჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. სტიაუას რამდენიმე სახიფათო მომენტს გერმანელებმა გოლით უპასუხეს, რომელიც უჩიდას მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებას მოყვა. გოლი არ ჩაითვალა რადგან ბურთმა მოედნის ფარგლები გადაკვეთა. პირველი ტაიმი უშედეგოდ დამთავრდა. 75 წუთზე ტანასემ სახიფათო საჯარიმო შეასრულა და ბურთი ძელს მოხვდა, ოღონდ გარედან. მატჩი 0:0 დასრულდა.
ბაზელი _ ჩელსი. საკმაოდ მოსაწყენ პირველ ტაიმში, ბაზელს ორი აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდა. ჯერ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა ობი მიკელმა, მეორე მომენტი კი ბაზელის ლიდერს, 21 წლის ეგვიპტელ ლეგიონერს, სალაჰს ჰქონდა, თუმცა, მეკარე ჩეხის რეაქციამ და გრძელმა ხელებმა იხსნა ლონდონელთა კარი. პირველი ტაიმში აქაც უგოლო ფრე აღინიშნა. სიტუაცია არც მეორე ტაიმში შეცვლილა, თუმცა, ბაზელი უკეთ გამოიყურებოდა. მე-80 წუთზე დიემ დაარტყა შორიდან და საკმაოდ სახიფათოდაც. 86-ე წუთზე კი სალაჰის სწრაფი გარღვევა გოლით დასრულდა. ამ გამარჯვებით ბაზელმა დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევისკენ.
ჯგუფი F
არსენალი _ მარსელი. ფრანგებს არც თუ ისე კარგი დრო უდგათ, რასაც ვილშერის პირველივე წუთზე საკმაოდ იოლად გატანილი გოლიც მოწმობს. ამის გარდა 38-ე წუთზე ოზილს მანდანდამ აუღო პენალტი. პირველ ტაიმში ფრანგებმა მარტო 2 ყვითელი ბარათის მიღება მოახერხეს. 65-ე წუთზე ოზილი მაინც გამოირჩა საგოლე პასით _ ვილშიერმა დუბლი გაახერხა _ 2:0. 78-ე წუთზე შესნიმ იყოჩაღა და კარგი რეაქცია გამოავლინა. არსენალს ერთი ქულაც ეყოფა პირველი ადგილის დასაკავებლად.
დორტმუნდი _ ნაპოლი. ჩემპიონთა ლიგის წინა წლის ფინალისტი დორტმუნდი წაგების შემთხვევაში დაემშვიდობებოდა ლიგას. არადა, ისეთი საკადრო პრობლემების ფონზე, როგორიც დორტმუნდს აქვს დაცვაში, გასაკვირი არაფერი იქნებოდა. ნაპოლის ჰამშიკი გამოაკლდა, რაც სერიოზული დანაკლისია. პირველი ტაიმი უხეში და დაძაბული გამოდგა _ ერთ ტაიმში 5 ყვითელი ძალიან ბევრია. რაც შეეხება ანგარიშს, მე-10 წუთზე დორტმუნდელმა როისმა პენალტი გაიტანა.
მეორე ტაიმში ლამაზი კონტრშეტევის შემდეგ როისმა ერთი-ერთზე გაიყვანა ბლაშიკოვსკი, რომელმაც ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი რეინას. 71-ე წუთზე ინსინემ ბორუსიელთა უხეში შეცდომით ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, თუმცა, ბორუსია უკეთ გამოიყურებოდა და შეცვლაზე შემოსულმა ობემიანგმა მეორე საგოლე შანსი გამოიყენა და 78-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახდა.
ჯგუფი G
პორტუ _ ავსტრია. პირველი ტაიმი ზენიტის გულშემატკივრებისა და ბუკმეიკერებისთვის სასურველი ანგარიშით დასრულდა _ მე-11 წუთზე შორეული დარტყმა გაუვიდა პორტუს კიპერს ჰეილტონს. წონასწორობის აღდგენა 48-ე წუთზე ჯექსონ მარტინეზმა შეძლო თავური დარტყმით. მეორე ტაიმში პორტუს კოლოსალური უპირატესობის და არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, ავსტრიელებმა შეძლეს ქულის აღება. მატჩი 1:1 დასრულდა და პორტუს შანსებიც შემცირდა.
ზენიტი _ ატლეტიკო, მადრიდი. ამ თამაშმა აშკარად დაგვანახა, თუ რამხელა სხვაობაა რუსეთის და ესპანეთის ჩემპიონატებს შორის. სიცივემ, ხელოვნური საფარმა, მეტ-ნაკლებად სათადარიგო შემადგენლობამ ხელი ვერ შეუშალა მადრიდელებს უკეთესი თამაში ეჩვენებინათ და სასურველი შედეგისთვის მიეგღწიათ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ადრიანმა გახსნა 53-ე წუთზე. წონასწორობა კი კურტუას უხეში შეცდომის შემდეგ აღსდგა. ატლეტიკოს განაღდებული აქვს პირველი ადგილი.
ჯგუფი H
სელტიკი _ მილანი. კრიზისში მყოფმა მილანმა ძალიან იოლად გაისეირნა გლაზგოში, რასაც ბევრი არ ელოდა. მე-13 წუთზე კაკა უმეთვალყურეოდ დატოვეს მეკარის საჯარიმოს ახლოს და ანგარიშიც გაიხსნა. 49-ე წუთზე ზაპატამ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ბალოტელიმ დააფიქსირა მე-60 წუთზე. სელტიკი უსუსურად გამოიყურებოდა. გოლი კი გაიტანეს, თუმცა, თამაშგარე მდგომარეობიდან. საბოლოოდ 0:3
აიაქსი _ ბარსელონა. ვალდესი, მესი, ადრიანო, ალბა… ბარსელონელ ტრამვირებულთა სია საკმაოდ სოლიდურია, თუმცა, მაინც ბარსა ითვლებოდა ფავორიტად, მაგრამ “მფრინავი ჰოლანდიელის” ახალგაზრდული, ნიჭიერი კოლექტივი პირიქით ფიქრობდა. მე-19 წუთზე სერეროს გოლს 22 წუთში ჰოესენმა მეორე გოლიც მიაყოლა და პირველი ტაიმი ჰოლანდიელებმა დამაჯერებლად მოიგეს. მეორე ტაიმში გამოცოცხლდა ბარსელონა და 48-ე წუთზე ნეიმარმა პენალტი გამოიმუშავა, თან ველტმანიც გააგდებინა. თერთმეტმეტრიანი ხავიმ გაიტანა. თუმცა, მეტის ესპანელებმა ვეღარ მოახერხეს და მატჩი 2:1 დასრულდა.