87 მეგავატი სიმძლავრის ფარავნის ჰესის პროექტი (სამცხე-ჯავახეთი)14 კმ-ის სიგრძის დერივაციული გვირაბის აშენებას ითვალისწინებს, რათა მდინარე ფარავნის წყალი გადასროლილ იქნეს მდინარე მტკვრის კალაპოტში, სოფელ ხერთვისის მიდამოებში. პროექტი ასევე ითვალისწინებს 35 კმ სიგრძის 220-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობას ქსელთან მისაერთებლად.
2011 წლის 14 ივნისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (European Bank for Reconstruction and Development) ფარავნის ჰესის პროექტისთვის 44 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 2011 წლის 22 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ ბანკის საჩივრების განხილვის ორგანოში (Project Compliance Mechanism) საჩივარი წარადგინა. საჩივარი ეხებოდა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, მათ შორის, მდინარეში, დერივაციის მონაკვეთში, წყლის 10-პროცენტიანი სანიტარული ხარჯის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხს.