დელეგაციას წარმოადგენენ პარლამენტის წევრები: თინათინ ხიდაშელი, ვიქტორ დოლიძე და ირაკლი ჩიქოვანი. კონგრესს გახსნის ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ნიკ კლეგი. კონგრესი უდიდესი თავშეყრის ადგილია ევროპელი ლიბერალებისთვის. უმაღლესი რანგის 600-ზე მეტი წარმომადგენელი – პრემიერ მინისტრები, ევროკომისრები, მინისტრები, ეროვნული და ევროპარლამენტის წევრები, რეგიონული კომიტეტების წევრები და სხვა დელეგატები შეიკრიბება 28-30 ნოემბერს, ევროპულ ხედვაზე და პარტიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე სასაუბროდ ამ ხედვის ჩამოყალიბებაში როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ დონეზე. განსახილველი თემები იქნება: ეკონომიკური ზრდა და კონკურენცია ევროპაში, ტრანსატლანტიკური ვაჭრობა და პარტნიორული ინვესტიციები, ევროპის ფინანსური სამსახურის რეფორმა, გადაწყვეტილებები ევროპისათვის, ლიბერალები თანასწორუფლებიანობისათვის, ინოვაციური მეწარმეობა და რას ნიშნავს ახალი სავაჭრო შეთანხმება ევროპისათვის. ევოპარალამენტის 2014 წლის მაისის არჩევნებთან დაკავშირებით, ალიანსი კენჭს უყრის პარტიის საარჩევნო მანიფესტს და ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევნებზე კანდიდატს წარადგენს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 29 ნოემბერს შეხვედრას გამართავს ლონდონის სამეფო კოლეჯის (King’s College London) სტუდენტებთან. კინგზ კოლეჯი ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია დიდ ბრიტანეთში, რომელიც დაარსდა 1829 წელს, იგი აქტიურადაა ჩართული კავკასიისა და ევრაზიის რეგიონის კვლევებში.