კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა კონცეფციის მომზადების პროცესებზე და უშუალოდ მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კონცეფცია კომიტეტის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთობლივი მუშაობით მომზადდა. კონცეფციის ტექსტზე მუშაობისას ბევრი შენიშვნა და წინადადება იქნა გათვალისწინებული და მის საბოლოო რედაქციის ჩამყალიბებამდე როგორც სამინისტროში, ასევე კომიტეტში არაერთი შეხვედრა გაიმართა. ცაგარეიშვილის განმარტებით, კონცეფცია ასახავს ყველა იმ მიმართულებას, რაც სატყეო სფეროშია წარმოდგენილი.
_ პარლამენტში ანალოგიურ დოკუმენტზე მსჯელობა არასოდეს გამართულა, ხოლო მისი მომზადება სატყეო სფეროში არსებულმა უმძიმესმა ვითარებამ, სპეციალიზირებული კადრების არარსებობამ და საგანმანათლებლო ცენტრების გაუქმებამ განაპირობა, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილი იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი კონცეფცია საფუძვლად სატყეო კოდექსის მომზადებას დაედება, რომლის მიღებაც მომავალი წლისთვის იგეგმება.