“რამდენიმე თვის წინ, თურქი ბიზნესმენი მოვიდა, მოეწონა შენობა, ადგილმდებარეობაც. გვითხრა მომყიდეთ, თხილის გადამამუშავებელ ქარხანას გავხსნი და სულ მცირე, 100 ადგილობრივს დავასაქმებო, მაგრამ სურვილს უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა”, _ ამბობს კახათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი სორდია.
ადგილობრივი მოხელე უპირველესად იმ გარემოებას გულისხმობდა, რომ შენობა კოოპერატივის საკუთრებაა, მიწა კი, რომელზეც თავის დროზე შენობა აშენდა, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. გიორგი სორდიას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური წერილითაც მიმართეს, რათა სოფელს საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა შენობა, თუმცა პასუხად უწყებამ უარი გამოგზავნა.
ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული ტროტუარებიც მაშინ, როცა ქუჩებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი განკარგავს. გამგეობაში ამბობენ, რომ ასეთი რეალობა ადგილობრივ თვითმმართველობას ხელს უშლის თავად დაარეგულიროს ტროტუარებზე სარეკლამო ბილბორდებისა თუ სხვა ტიპის რეკლამების განთავსების საკითხი, რაც საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებითი შემოსავლების მიღებას შეუძლებელს ხდის.
“წლებია ვითხოვთ ტროტუარების გადმოცემას. უამრავი განცხადებაა ჩვენს სამსახურში შემოსული რეკლამის განთავსებასა თუ სამაცივრე დანადგარების დადგმასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პასუხს ვერ ვცემთ. როგორც იქნა, დაიძრა პროცესი და უკვე ვიწყებთ აზომვითი სამუშაობების ჩატარებას, დოკუმენტაციას ეკონომიკის სამინისტროს გადავუგზანით, ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, რის შემდეგაც გავცემთ დროებით ორდერებს მეწარმეებზე და დავაწესებთ გონივრულ გადასახადს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ შემოსავლებს”, _ აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე თოდუა.
პრობლემები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მათ ტერიტორიაზე არსებული ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით ექმნება, მხოლოდ ნაწილია იმ დაბრკოლებებისა, რომელთაც ადმინისტრაციული ორგანოები ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან. ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მოქმედი კანონმდებლობა და თვითმმართველობის სისტემა შორს დგას მოქალაქეთა აქტიური ჩართულობისგან, რაც არაერთი მიზეზის გამოა განპირობებული.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისის ანალიტიკოსი არჩილ თოდუა თვითმმართველობის რეფორმის გატარების აუცილებლობაზე საუბრისას ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ამჟამად მოქმედი რეგულაციებით, თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალურ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებულები და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად საკმარისი უფლებამოსილება არ აქვთ.
“ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აქტიურად განიხილავენ თვითმმართველობაში დაგეგმილ რეფორმას, რაც ბუნებრივია, მისასალმებელია, რადგან ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი ადგილობრივი დემოკრატიის ნაწილია. ის სრულად არის ორიენტირებული მოქალაქეზე, ადმინისტრაციული ორგანო გაცილებით თავისუფალია და რაც მთავარია, მეტი ფინანსური რესურსი აქვს მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად”, _ ამბობს არჩილ თოდუა და იქვე განმარტავს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობა ჩამოყალიბდება.
“თუკი ვიმსჯელებთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე, რეფორმის შედეგად მივიღებთ ასეთ სურათს: ზუგდიდს, შესაძლოა, მიენიჭოს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და მას პირდაპირი წესით არჩეული მერი და საკრებულო ეყოლება; სოფლებში ჩამოყალიბდება რამდენიმე თვითმმართველი ერთეული. სოფლებს ექნებათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, საკუთარი ქონება: მიწა, შენობა-ნაგებობები და ა.შ., რომელთა განკარგვასაც თავისუფლად შეძლებენ”, _ აცხადებს არჩილ თოდუა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსისგან განსხვავებით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი “სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ გაბელია, რეფორმის სხვა არანაკლებ სასიცოცხლო – ფინანსური შესაძლებლობების მხარეზე ამახვილებს ყურადღებას.
“ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, ადგილზე მხოლოდ ქონების გადასახადი რჩება, მოგებისა და საშემოსავლოს დიდი ნაწილი კი ცენტრალურ ბიუჯეტშია. მართალია, ნაწილი მუნიციპალიტეტს მაინც უბრუნდება, თუმცა ვფიქრობთ, რომ მიდგომა თუ შეიცვლება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებენ და მეტი პრობლემის გადაჭრას შეძლებენ, რაც მთავარია, მუდმივად მომლოდინე პოზიციაში არ იქნებიან ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმართებაში”, _ აცხადებს ნუგზარ გაბელია.
მესამე სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებაში პირველი პირები ორი წლის ვადით აირჩევიან, რაც დაინტერესებული მხარეებისთვის სტიმული იქნება რეგიონული პოლიტიკა მეტად გააქტიურონ და მუდმივად იბრძოლონ დედაქალაქის გარეთ ელექტორატის ნდობის მოსაპოვებლად.
თვითმმართველობის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე საჯარო მოხელეებმა 18 ივლისს დამატებითი განმარტებები უშუალოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან მოისმინეს. დავით ნარმანია წლების განმავლობაში სწორედ თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობდა თანამოაზრეებთან ერთად.
“ჩვენი თვითმმართველობის მოდელი გულისხმობს იმას, რომ პირველი დონის თვითმმართველობა უნდა იყოს არა დღეს არსებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, არამედ უფრო დაბალ დონეზე ანუ თემში, ასევე ცალკე თვითმმართველობა უნდა იყოს ქალაქში. თვითმმართველობის მეორე დონე გულისხმობს რეგიონის დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის არსებობას”, _ აცხადებს მინისტრი და იქვე განმარტავს, რომ თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს წევრთაგან ჩამოყალიბდება სამხარეო ადმინისტრაცია, რომლის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან საქართველოს მთავრობა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთს დანიშნავს.
დავით ნარმანია არ მალავს, რომ რეფორმის იდეა მთავრობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მისივე თქმით, თემაზე ამჟამად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და პოზიციების შეჯერების შემდეგ, რეფორმის სამუშაო ვერსია საჯარო განხილვის ობიექტი გახდება. კითხვაზე, თუ რამდენად გაზრდის რეფორმა ადმინისტრაციულ თუ ინფრასტრუქტულ ხარჯებს, მინისტრი აცხადებს, რომ ცვლილება სახელმწიფოს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდება.
“თუ გვინდა რეფორმა, ხარჯების გასაღებადაც უნდა ვიყოთ მზად, თუმცა ჩვენი წინასწარი გათვლებით ეს დიდ რესურსებთან არ იქნება დაკავშირებული. ოპტიმიზაცია მოგვცემს საშუალებას თანხები ეფექტურად გამოვიყენოთ”, _ აცხადებს დავით ნარმანია და იქვე ამატებს, რომ ოპტიმიზაციის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა რიცხვი 14 ათასიდან 11 ათასამდე უნდა შემცირდება.
მოსალოდნელი რეფორმის შეფასებისას “კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის” ანალიტიკოსების აზრით, პრობლემა, რომელიც თვითმმართველობების ინსტიტუტის შექმნის დღიდან ამ დრომდე არსებობს, მოსახლეობის ნაკლები ჩართულობაა. ინსტიტუტის ექსპერტ-ანალიტიკოსი ოთარ კიკვაძე ამბობს, რომ ნაკლებად დაინტერესებული მოქალაქე ამუხრუჭებს თვითმმართველობის იდეის განხორციელებას.
“გასაგებია, რომ ევროპის სახელმწიფოებს საუკუნოვანი ტრადიციები აქვთ ქვეყნის ამგვარი მოწყობის და სისტემა მოქალაქეზე დგას, ბუნებრივია, რეფორმა ერთ წელში არ დასრულდება და ეს მუდმივი პროცესია, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დაიწყოს?! ვფიქრობ, რომ დასაწყისი კარგია. ახლა მთავარია, რომ პარლამენტმა დროულად განიხილოს ცვლილებათა პროექტი და კენჭი უყაროს”, _ აცხადებს ოთარ კიკვაძე.
როგორც ინსტიტუტში აცხადებენ, ისინი მზად არიან საკუთარი რეკომენდაციებით მიმართონ კანონმდებლებსაც ცვლილებათა პაკეტის განხილვის დროს. რეკომენდაციების საფუძველი კი ის კვლევა გახლავთ, რომელიც ინსტიტუტმა 2013 წელს მაის-ივნისში მარტვილში, ყაზბეგში, დმანისსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში ჩაატარა. ამ ოთხი ადმინისტრაციული ერთეულის მაგალითზე სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი და იდეა, რომ მან თავად გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები, ამ ეტაპზე განუხორციელებელია.
(წყარო: http://www.lsg.ge)




































































