(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრი საკუთარ დაქვემდებარებაში არსებულ სასოფლო კლუბების თანამშრომლებს გასულ კვირას შეხვდა. შეხვედრები, ტრადიციულად, თვეში ერთხელ იმართება.
სასოფლო კლუბებთან მუშაობას კოორდინაციას კულტურის ცენტრის საკლუბო მუშაობის მთავარი სპეციალისტები ნინო ცეცხლაძე, მაკა მიქატაძე და ვერიკო კონჯარია უწევენ.
კლუბების თანამშრომლებმა ამ შეხვედრაზე, ექვსი თვის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინეს. ასევე, ისაუბრეს პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, დასახეს სამომავლო მუშაობის გეგმები და ახალ საინტერესო პროექტების გახორცილების საშუალებებზე ისაუბრეს. კულტურის ცენტრის მიერ, სასოფლო კლუბებში პროექტი “სოფელო, ჩემო სოფელო” გახორციელდება, სადაც კლუბებს საშუალება ექნებათ, წარმოაჩინონ სოფლის მოსახლეობის შემოქმედებითი უნარი.
როგორც კულტურის ცენტრში ამბობენ, პროექტში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ყველა კლუბისთვის სავალდებულო იქნება.