ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, ფეხბურთელებს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი საგარანტიო წერილები გადაეცათ, რომლის თანახმადაც სახელფასო დავალიანება იანვრის ბოლომდე გაუსტუმრდებათ.
_ ერთადერთი რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ფეხბურთელებს, სახელფასო დავალიანებას იანვრის ბოლომდე სრულად გავუსტუმრებთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზაზა ურუშაძემ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საგარანტიო წერილების შემდგომ, ფეხბურთელებმა მოედანზე გასვლა გადაწყვიტეს, თუმცა ჩემპიონატის ლიდერთან დაპირისპირება გურულებს ძირითადი ფეხბურთელების გარეშე მოუწევთ.
საფეხბურთო კლუბ “გურიას” მედიაოფიცრის, ლევან გიორგაძის თქმით, თბილისის “დინამოსთან”, ლანჩხუთის “გურია” დუბლშემადგელობით ითამაშებს:
_ ძირითადი გუნდი არ იქნება. “დინამოსთან” დუბლშემადგენლობით ვითამაშებთ, _ ამბობს გიორგაძე.
მისივე თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია გუნდის მომავალიც, რადგან საგარანტიო წერილების თანახმად, ფეხბურთელებს მხოლოდ სახელფასო დავალიანება აუნაზღაურდებათ.