(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ბოლო დროს, “ამერიკული პეპლის” შემოსევის შესახებ ალაპარაკდა: _ გურიაში, წლევანდელი წვიმიანი ამინდების შემდეგ, ივლისის შუა რიცხვებს “ამერიკული პეპელაც” შემოჰყვა, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ გაცილებით მეტი რაოდენობით, ვიდრე მოველოდით, _ ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი, ლალი გოგუაძე. მისივე თქმით, “წლობით გაწეულმა მუშაობამ საგრძნობი შედეგი გამოიღო და ეს მავნებელი ძველებურად აღარ არის მოდებული ტყესა და ველს, თუმცა, ახლაც საკმაოდ შეინიშნება და ყურადღების მოდუნება არ შეიძლება: _ დღეისთვის ოზურგეთის მრავალ სოფელში 40 სოლო-აპარატია გასული და სპეციალისტები მუშაობენ. უახლესი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა საკურორტო ზონა, ურეკიშეკვეთილის ტერიტორია და სოფელი ნატანები. სავარაუდოდ, ერთ კვირაში, 20 ივლისამდე დამუშავდება სოფელ მერიის და ქალაქ ოზურგეთის მასივები.
მოსახლეობის ინერტულობით გაკვირვებული ვარ _ ოჯახში რომ სამი კაცი ცხოვრობს და იქ ხელის გაწვდენაზე, ხის ვარჯს პეპელა შესევია, ჩვენს მოსვლას რატომ ელოდებიან? მოჭრან და დაწვან! ასეთი გულგრილობა შეიძლება?! ჩვენ, ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში, საგრძნობი შედეგი გვაქვს და მოსახლეობის ნახევარი მაინც რომ საქმეს გულისხმიერებით და პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა,”_ თქვა ქალბატონმა ლალიმ.