მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ თავის პრიორიტეტად დაისახა ქვეყნის მოდერნიზაცია, რომელმაც ბევრი რამ შეიწირა, მაგრამ ყველაზე მეტად – სწორედ ადამიანის უფლებები.
“მსოფლიო შეძრა პატიმრების წამების კადრებმა და ეს იყო დანაშაული, რომელიც თავად წინა ხელისუფლებამ სისტემურ ჩავარდნად აღიარა. განსაკუთრებული სისასტიკით ხდებოდა მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევა, მასობრივად ხდებოდა საკუთრების წართმევა, მიმდინარეობდა ადამიანების პირადი ცხოვრების ტოტალური კონტროლი, ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებდა ნაციონალურ მაუწყებლებს, არჩევნების დროს, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობდნენ და აშინებდნენ მოსახლეობას, სასამართლო იღებდა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. ქვეყანაში იყო უმძიმესი სოციალური ვითარება, რომელთან გამკლავებაც დღესაც ყველაზე რთულ ამოცანად რჩება.
ეს არის მოკლედ ის მძიმე სურათი და ვითარება, რომელიც ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ დაგვხვდა. აი, ასეთი ქვეყანა გადმოვიბარეთ ჩვენ და ერთი ხელის მოსმით ამის გამოსწორება შეუძლებელია,” _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გაცილებით იმაზე მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.
“ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გაათავისუფლა სასამართლო, ჩვენ არ ვერევით სასამართლო პროცესებში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსამართლე რეალურად დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი წნეხისგან. მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ, არ არსებობს არც ერთი მაუწყებელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ჰქონდეს ეჭვი, რომ ის ხელისუფლების რუპორია. მთლიანად აღვკვეთეთ წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში, საკუთრება დაცულია, ვუფრთხილდებით პირადი ცხოვრების უფლებას და ამის დასტურია ის, რომ რამდენიმე თვის წინ, უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით, საჯაროდ იქნა განადგურებული ათასობით საჯარო პირის პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების, მათ შორის, უცხოელი დიპლომატების, სასულიერო პირების შანტაჟსა და დაშინებას ემსახურებოდა. დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ საქართველოში ცხოვრების,” _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.