“არ მაქვს ილუზია, რომ რუსეთი რაიმე პროვოკაციებზე არ წამოვა და საფრთხეებს არ შეგვიქმნის, მაგრამ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, იქნება ეს ეკონომიკირი თუ სამხედრო და ვიხილავთ იმ გზებს, რომლებიც უნდა გაიაროს საქართველომ ამ საფრთხეების დადგომის შემთხვევაში. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა და დარწმუნებული ვარ რუსეთთან მარტო არ დავრჩებით. გახსოვთ ალბათ, რუსეთმა მოლდოვას ბაზარი რომ დაუკეტა, ევროპამ სხვა ქვეყნებში გაუხსნა და ის ღვინო, რომელიც უნდა გაყიდულიყო რუსეთში ევროპის სხვა ქვეყნებში გაიყიდა. ასე იქნება საქართველოს მიმართებაშიც. მარტო არ აღმოვჩნდებით რუსეთის პირისპირ,” _ აღნიშნა დოლიძემ.
იგი უკრაინაში მიმდინარე მოვლებენსაც შეეხო და განაცხადა, რომ ვერც ერთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გავლენას ვერ იქონიებს საქართველოს არჩევანზე.
“საქართველო შეუქცევადად მიდის ევროპისკენ და ნამდვილად არ მგონია, რომ უკრაინის გამო რაიმე დაბრკოლებები შეიქმნას ჩვენს არჩეულ გზაზე. უკრაინა ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და კარგი იქნება ერთად ვიაროთ ევროპისკენ, მაგრამ მასთან ერთად თუ მის გარეშე საქართველო გააგრძელებს ამ გზაზე სიარულს. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, მაგრამ ვიქცევით გონივრულად და გეგმაზომიერად. უკრაინისთვის ახლა მთავარია მოვლენები სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. ჩვენ ყველა ადამიანს თანავუგრძნობთ, ვინც ევროპისკენ ისწრაფვის, მაგრამ საჭიროა ფრთხილი და დაფიქრებული მოქმედება”.
დოლიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების უკრაინაში ჩასვლას გამოეხმაურა.
“როგორ შეიძლება სააკაშვილი სერიოზულად შეაფასო. რადგან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იქ არიან, მაშინ მშვიდად ვიქნები, ყველაფერს დაალაგებენ. ახლა კი სერიოზულად. ბარამიძის, ხაბაზის და ძმათა მათთა ჭკუაზე ვერ ვივლით. კიდევ ვიმეორებ, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინელების ევროპულ არჩევანს, მაგრამ პოლიტიკა ის თემაა, როცა ფრთხილად უნდა იყო, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა. ამიტომ, გონივრულად და გეგმაზომიერად უნდა ვიმოქმედოთ. ახლა ყველაზე მთავარია შიდა პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური მდგომარეობა დავარეგულიროთ,” _ განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.