8 დეკემბერს ფილარმონიაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს 5 კანდიდატი იყრიდა: ნუგზარ ბირკაია, მამუკა მდინარაძე, ლევან ჯოხაძე, ზაზა ხატიაშვილი და ვასილ ოსეფაშვილი. ირჩეოდა აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრი, ეთიკის კომისიის 15 წევრი, რომელთაგან 3 არაადვოკატი წევრია და სარევიზიო კომისიის 5 წევრი. აღმასრულებელი საბჭოში კენჭს 38 კანდიდატი იყრიდა, ეთიკის კომისიაში- 34 კანდიდატი და სარევიზიო კომისიაში -13. ასოციაციის მმართველ ორგანოებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე ოთხი წლის ვადით ირჩევენ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების რეგისტრაცია დილის 10 საათიდან დაიწყო. როგორც კრების დაწყებისას გახდა ცნობილი, ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე და ამავე დროს თავმჯდომარეობის კანდიდატი ზაზა ხატიაშვილი წარუძღვებოდა კრებას, რაც ერთ-ერთი კანდიდატის, ნუგზარ ბირკაიას პროტესტის საგანი გახდა. მან განაცხადა, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატებს არ აქვთ თანაბარი პირობები, მან ზაზა ხატიაშვილის ერთდროულად ორი სტატუსით ყოფნა კრებაზე დარღვევად მიაჩნია და კანდიდატურა მოხსნა. ბირკაიას ამ ქმედებას და განცხადებას ხატიაშვილმა კრების ჩაშლის მცდელობა უწოდა და პოპულიზმში დაადანაშაულა. ხატიაშვილი შეეხო აგრეთვე ბირკაიას მოთხოვნას რეგლამენტის შეცვლის თაობაზე და განაცხადა:
“მას საკუთარი განცხადება ერთი კვირის ვადაში უნდა წარმოედგინა. გაგიგიათ სადმე, რომ კრების მსვლელობისას რეგლამენტი შეიცვალოს? ეს არის სამარცხვინო განცხადება, ეს არის კრების ჩაშლა და პოპულიზმი”.
ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე იყო.
ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაციაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება, როგორც გასული 4 წლის განმავლობაში იქნება ადვოკატთა უფლებების დაცვა, ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა, ქვეყანაში ამ პროფესიის პოპულარიზაცია და გაძლიერება.