“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ კოდექსით ქვეყნის სეპარატისტულ ერთეულებად დაშლას შეუწყობს ხელს, რაზეც ოპოზიციას, “რა თქმა უნდა, შენიშვნა ექნება”.
“არ გამოვრიცხავ, რომ მივმართოთ ხალხს, თუკი დაგვჭირდა დახმარება, რათა ხალხმა აქტიურად გამოხატოს პროტესტი ქვეყნის დაშლის წინააღმდეგ. რაც შეეხება დღევანდელ განხილვას, კატეგორიული ოპოზიცია არის, იმ ნორმასთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს, სეპარატისტულ საფეოდალოებად, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვადასხვა ნიშნით. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ვართ განწყობილი. დღევანდელი ჩვენი აქ დასწრება საკომიტეტო მოსმენაზე, არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ცივილიზებულად, მოლაპარაკების გზით მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ ხელი აიღოს ქვეყნის დაშლაზე,” _ განაცხადა ბაღათურიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი აღნიშნულ კოდექსში საფრთხეს ვერ ხედავენ. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ აჟიოტაჟი ამ თემაზე არ ღირს. პარლამენტი, ისეთ კოდექსს მიიღებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.
“ჩვენ მივიღებთ ისეთ კოდექსს, რომელიც რალურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმუშავებს, თვითმმართველობის გაგრძელებისთვის და მაქსიმალურად დეცენტრალიზაციისკენ. ეს არის მთავარი პრინციპი ამ რეფორმის. ეს რეფორმა რომ განსახორციელებელია, სახეზეა. ის, რომ ფაქტობრივად, არსებობდა რაღაც საკონსულტაციო ორგანოები, არაფორმალური, ეს ყველამ კარგად ვიცოდით გუბერნიების დონეზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად გვინდა ფორმალიზაცია მოვახდინოთ ამისი. ამიტომ, ამაზე განსაკუთრებული აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს,” _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.