_ თქვენ ახლახანს დატოვეთ ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა. რას საქმიანობთ ამ ეტაპზე?
_ დიახ, ჩემი სურვილით დავტოვე თანამდებობა, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ იმ ადამიანებზე ნამდვილად დამწყდა გული ვისთანაც წლების მანძილზე ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და მეამაყება, რომ ბევრი მათგანი დღეს ჩემი მეგობარია.
ამ ეტაპზე ვარ თბილისში, ჩემს ოჯახთან. ვფიქრობ, საქმიანობის როგორც პარტიული, ისე პროფესიული თვალსაზრისით გაგრძელებაზე, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებ.
_ ხშირად საუბრობთ ახალი ხელისუფლების შეცდომებზე. მათ ქმედებებში პოზიტიურს ვერაფერს ხედავთ?
_ ოპოზიციაში ყოფნა და ოპონირება პირველ რიგში ხელისუფლებისათვის ალტერნატივების შეთავაზებასა და შეცდომებზე მითითებაში მდგომარეობს, ხელისუფლების წარმატებებზე მისმა მხარდამჭერებმა და იმ ლაქიებმა ისაუბრონ, რომლებიც ნებისმიერ ხელისუფლებას მრავლად ჰყავს ქება-დიდებით სარგებლის მიღების მოლოდინში მყოფი პირების სახით.
_ დასრულდა თუ არა კოაბიტაცია ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ?
_ კოაბიტაციას ხშირად სხვადასხვა კონტექსტში ახსენებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ სიტყვის მნიშვნელობა და არსი ხშირად პოლიტიკოსებსაც არ ესმით. მოკლედ რომ ვთქვათ, კოაბიტაცია არის თანაარსებობის პროცესი, როდესაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, რის შედეგადაც იქმნება მდგომარეობა, როცა პრეზიდენტი ვალდებულია დანიშნოს საპარლამენტო უმრავლესობისათვის მისაღები პრემიერი და მთავრობა. შესაბამისად, ვინაიდან ქვეყანას უკვე ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს, კოაბიტაცია თავისთავად დასრულებულად უნდა ჩაითვალოს.
_ რომელი უფრო კომფორტულია – ხელისუფლებაში ყოფნა და ოპონენტების კრიტიკის მოსმენა, თუ პირიქით, სხვები იყვნენ შენი კრიტიკის ობიექტები?
_ ხელისუფლებაში ყოფნა, მიზანი არ არის. ის უფრო საშუალებაა იმისათვის, რომ ქვეყნისა და ხალხისთვის რაღაცის გაკეთება შეძლო. ოპოზიციაში ყოფნაც ხალხის სამსახურია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულებისთვის საჭირო მართვის პულტის გარეშე. როგორც ხელისუფლებაში ყოფნას, ისე ოპონირებას გარკვეული კვალიფიკაცია, კომპეტენტურობა და პასუხისმგებლობა სჭირდება.
_ ახალ ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში სდებთ ბრალს…
_ კონკრეტულ ფაქტებს მოვიყვან. ხელისუფლების კომპეტენტურობაზე და კვალიფიციურობაზე შეფასება საზოგადოებამ გააკეთოს. აი, მაგალითად, როცა ახალი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლებოდა ასე ხელაღებით უცხო ქვეყნის ჯაშუშებისა და კრიმინალების ციხიდან გამოშვება. ეს მკვეთრად გააუარესებდა კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში. არ დაიჯერეს ეს რჩევა და მიიღეს ამნისტიის აქტი, რომელიც დაახლოებით 18 ათას პატიმარს შეეხო. დღეს კი ვხედავთ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ ამა თუ იმ მაღაზიის, მეწარმის, საბანკო დაწესებულებისა დაყაჩაღებისა და პიროვნებაზე ფიზიკური ძალადობის ფაქტების შესახებ.
ხელისუფლებას ასევე ვაფრთხილებდით ჩვენს მიერ დაწყებული პროექტების, მათ შორის, თბილისის შემოვლითი რკინიგზის, ლაზიკის პორტის, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების გაგრძელების აუცილებლობაზე, ვუხსნიდით მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებლობიანობას. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და ერთი წელი დაკარგა აღნიშნული პროექტების მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის დადგენაში. მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოუხდათ იმის აღიარება, რომ ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაშიც სწორი იყო.
ჩვენ აგრეთვე ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო მიმართულების საკითხებზე, მათ შორის, ისეთ საკითხებზე როგორიცაა რუსეთთან უერთიერთობა, ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია, მცოცავი ოკუპაცია და ა.შ მათ ამ საკითხებზეც გაუაზრებელი და ილუზიური წარმოდგენები ჰქონდათ. საუბრობდნენ ავღანეთიდან ჩვენი სამშვიდობო ქვედანაყოფების გამოყვანაზე, რუსეთთან რიტორიკის შეცვლით და ენის მოჩლექით რუსეთის აგრესიისა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერების შესაძლებლობაზე. ერთი წლის შემდეგ კი, მოუხდად იმის აღიარება, რომ ამ შემთხვევაშიც, ჩვენი პოზიცია უფრო ზუსტი და ადკვატური იყო. კიდევ უამრავი ფაქტის და მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, ეს მარტივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყნის პრობლემების სიღრმისეული ცოდნისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ “ნაციონალურ მოძრაობას” უფრო გააზრებული და თანმიმდევრული პოზიცია ჰქონდა და აქვს, ვიდრე “ქართულ ოცნებას”.
_ თქვენ ბევრი ისაუბრეთ “ქართული ოცნების” შეცდომებზე, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხშირად საუბრობდნენ, რომ რასაც თქვენი ხელისუფლება აკეთებდა იყო ფასადური და მართვის პროცესში ისე გაერთო მთავრობა, რომ ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი – ადამიანი თითქმის მიივიწყა…
_ საინტერესო კითხვაა და არ შემიძლია ამ საკითხს გაკვრით და ზედაპირულად შევეხო. შევეცდები ამომწურავად გიპასუხოთ. თქვენ ამბობთ “ნაციონალური მოძრაობის” დროს რაც კეთდებოდა ფასადური იყო და ამასთან ადამიანი დაივიწყეთო. ნებისმიერ სახელმწიფოში, რაც შენდება უპირველესად ადამიანისათვის კეთდება და ამ ხნის მანძილზე რისი გაკეთებაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეძლო, როგორც სისტემური, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით არცერთი ეს სიკეთე და მიღწევა ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ სახლში არავის წაუღია. როცა ხელისუფლების ავ-კარგიანობაზე ვსაუბრობთ, სრულად უნდა გავიაზრთ ის გზა, რაც მთავრობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიარა. ვგულისხმობ იმას, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, როცა 2003 წელს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა. ვერავინ უარყოფს, ამ დროს ქვეყანაში ყველა მიმართულებით ქაოსი იყო: უკონტროლო რეგიონები, შეიარაღებული ბანდფორმირებები (კვიციანის რაზმი, ასლან აბაშიძის გასამხედროებული ნაწილები, პანკისის ხეობაში თუ საქართველოს სხვა რეგიონში მოქმედი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები), მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობა (ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენების გატაცებები, მკვლელობები), კორუმპირებული სახელმწიფო თუ სამართლადამცავი სტრუქტურები, თვეობით გაუცემელი პენსიები და ხელფასები, თითქმის ყოველთვიური ბიუჯეტის სეკვესტრი დაუცველი და უიმედო მოსახლეობა.
ასეთ ვითარებაში ნაციონალურმა მთავრობამ დაიწყო გამოსავლის ძიება, რა დროსაც ხელისუფლების ისეთი ფუნდამენტური ამოცანებიდან, როგორიცაა წესრიგი, თავისუფლება, თანასწორობა, უპირველესი აქცენტი ბუნებრივია წესრიგის უზრუნველყოფაზე გაკეთდა, რადგან ის წარმოადგენს იმ ბუნებითი თუ კონსტიტუციური უფლებების საფუძველს, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, საკუთრების უფლება, უსაფრთხო, ჯანსაღი ცხოვრების და საქმიანობის პირობები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ უზრუნვეყოფილი და დაცული არ არის წესრიგის მინიმალური პირობები, ყოველგვარი საუბარი თავისუფლებასა, თანასწორობასა და კეთილდღეობაზე არის უტოპია და პოპულიზმი, რადგან ქაოსსა და უკანონობაში არ არსებობს არც თავისუფლება, არც თანასწორობა და არც კეთილდღეობა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წესრიგის უზრუნველყოფის ამოცანას ქვეყანაში ყველა პოზიტიურად არ შეხვედრია. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, საკმაო რაოდენობას წარმოადგენდა იმ ადამიანების კატეგორია, რომელსაც ქაოსისა და არეულობისაგან გარკვეული სარგებელი ჰქონდა და უკანონობა წარმოადგენდა მათი ცხოვრების წესს. ასევე შესაძლებელია წესრიგის უზრუნველყოფის გზაზე ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები, იყო ასევე ცალკეული გადაცდომები, მაგრამ მიღწეული შედეგი აშკარად აღემატება დაშვებული შეცდომების თუ გადაცდომების ხარისხს.
_ თქვენ ამბობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ნეგატიური განწყობის გაჩენა და შემდგომში მისი რეიტინგის ვარდნა წესრიგის დამყარების მცდელობას უკავშირდება?
_ მე ვამბობ, რომ რეფორმები ყოველთვის მტკივნეულია ნებისმიერ საზოგადოებაში. მით უფრო მაშინ, თუ ეს უკანონობის აღმოფხრასა და წესრიგის დაცვას ემსახურება. ხელისუფლებას ამ გზაზე უპირისპირდებოდნენ ყველა ის სოციალური, პოლიტიკური და პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც უკანონობისაგან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ. მაგალითად: როცა პოლიციის რეფორმა დავიწყეთ და პოლიციიდან დავითხოვეთ კორუფციული სისტემის მსახური პოლიციელები, რომელთა საქმიანობის ძირითად წესს აღებ-მიცემობა წარმოადგენდა, ჩვენ მთელი ეს სისტემა დაგვიპირისპირდა. ანალოგიური სიტუაცია იყო შეიარაღებულ ძალებში. აქ ჩვენ დაგვიპირისპირდა მაღალი ჩინის ის ოფიცრობა, რომლებიც ჯარისკაცების ულუფას იპარავდნენ და ისედაც მწირ ჩვენს სამხედრო ტექნიკის ჯართში ჩაბარებით ითბობდნენ ხელებს.
ასევე, როცა განათლების რეფორმა წამოვიწყეთ და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა დავნერგეთ, ჩვენ დაგვიპირისპირდა პროფესორ-მასწავლებელთა ის კატეგორია, რომლებსაც გარკვეული სარგებელი ჰქონდა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ძველი კორუმპირებული სისტემისგან. ასევე, როცა საფინანსო-საბიუჯეტო მიმათულებით წესრიგის დამყარება დავიწყეთ, ამ კორუფციულ სქემებში ჩართული მთელი ეს სისტემა დაგვიპირისპირდა. როცა ადამიანთა გარკვეულ პრივილეგირებულ ჯგუფებს მოვუსპეთ ვითომ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისა თუ გამოცემებისთვის საჭირო თანხების პირდაპირ ბიუჯეტიდან მითვისების შესაძლებლობა, მთელი ეს ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია დაგვიპირისპირდა. ასე ხდებოდა ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ არა მარტო პირადი გამორჩენის საბაბით უკანონობაში ჩართული კორუფციული ჯგუფები გვიპირისპირდებოდნენ, არამედ უცხო, მტრული სახელმწიფოს ე.წ. მეხუთე კოლონიის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები, რომლებიც ათასგვარ დივერსიებს და საბოტაჟებს აწყობდნენ აღმშენებლობისა და რეფორმების გზაზე შემდგარი ქვეყნის წინააღმდეგ.
_ ბატონო პაატა, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მიერ დაშვებული შეცდომებისა და გადაცდომების შედეგი საკუთარ თავზე გამოსცადეს ?
_ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ იყო ისეთი შეცდომები და გადაცდომები, რომლითაც შეილახა კონკრეტული ადამიანის უფლება, უნდა გამოვავლინოთ, უნდა გამოვიძიოთ ასეთი ფაქტები და დავაყენოთ კონკრეტული სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. მაგრამ განვლილმა ერთმა წელმა ცხადყო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წევრების მიმართ გამოთქმული ბრალდებები, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი და გადაჭარბებულია. მისი დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ახალი ხელისუფლება კი იმის ნაცვლად, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებული იყოს ეს მოარული ჭორები შემზარავი და საშინელი დანაშაულებების შესახებ, აგრძელებს საგაზეთო სტატიებში გამოქვეყნებული გადაუმოწმებელი ბრალდებების ტირაჟირებას და რაც უფრო სავალალოა, ამას იყენებენ მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამართლების ალიბად და ოპოზიციისთვის ოპონირების საშუალების აკრძალვის საბაბად. ამასთან დაპირებების შესრულებისა და იმ პრობლემების მოგვარების ნაცვლად რაც დღეს ქვეყანაშია როვა ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია სამჯერ, ბიუჯეტი თითქმის ერთი მილიარდი ლარით გაერღვათ, მცირდება ინვესტიციები, სამუშაო ადგილები ისინი კვლავ დაჭერების ახალ-ახალ ტალღას აანოსებენ. როგორც ჩანს მათ არ ესმით რომ თუ კვლავ წარსულზე საუბარსა და იმის მტკიცებას გააგრძელებენ რომ სხვა მათზე უარსეია, ამით ვერც ისინი და ვერც ქვეყანა უკეთესი ვერ გახდება.