“მე ტელეფონით მიკავშირდებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები სოფლებიდან და მეუბნებიან, რომ გზების გაწმენდა შეფერხებით მიმდინარეობს და არის სოფლები, სადაც გრეიდერი ჯერ არ მისულა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას პირდაპირ ევალება, რომ გზები გაწმინდოს და პრობლემა მოაგვაროს. ახლა სოფელ ბოხვაურში ვარ, ტირილია და გზა არ არის გაწმენდილი. ბაილეთი, სილაური, ასკანა, ბახვი, მზიანი – ეს ის სოფლებია, საიდანაც დამირეკეს და მოსახლეობის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ გზები არ არის გაწმენდილი. სამწუხაროდ, არ ჩანს ეს გრეიდერი, რომლის ყიდვა 220 000 ლარი დაუჯდა ხელისუფლებას”, _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ნინო სალუქვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გზების გაწმენდასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ არსებობს, ყველა მაღალმთიან სოფელსა და ქალაქის ქუჩებში მოძრაობა არ შეფერხებულა.
“რაც შეეხება გრეიდერს, გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილის შესრულება სწორედ მისი საშუალებით მოხდა. გრეიდერის არსებობა მუნიციპალიტეტისათვის ნიშნავს იმას, რომ დიდთოვლობის დროს სოფლებს ქალაქის ცენტრთან მოწყვეტის საფრთხე არ დაემუქროს”, _ გვითხრა ნინო სალუქვაძემ.