რუსეთის მხრიდან სამხრეთ ჯავახეთში სიტუაციის შესაძლო დაძაბვაზე საუბრობს პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე და აცხადებს, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე თვითმმართველობის კანონპროექტი უფრო დაძაბავს მდგომარეობას.
“არსებობს ინფორმაციები, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში რუსეთი შეეცდება სამცხეთ- ჯავახეთში სიტუაცია არიოს, ჯავახელი სომხები პრივატულ საუბრებში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში საეჭვოდ წამოიწია წინა პლანზე ეთნიკურმა პრობლემებმა, თითქოს ჩვენ, ქართველები ვჩაგრავთ სომეხი ეროვნების მოქალაქეებს არამარტო სამცხეთ-ჯავახეთის, არამედ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ვფიქრობ ქვეყანას ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს, საინტერესოა მუშაობენ თუ არა ჩვენი უშიშროების სამსახურები ამ საკითხებზე. გარკვეული პარალელების გავლების შემდეგ უფრო ნათლად ჩანს რამდენად რეალურად შეიცავს თვითმმართველობის კანონპროექტი სეპარატიზმის საშიშროებას. მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას დადგეს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ამ საკითხების ირგვლივ”.
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის ვარაუდითაც, რადგან საქართველო ნაკლებადაა ეკონომიკურად და ენერგორესურსებითაც რუსეთზე, ამიტომ ეს უკანასკნელი ეცდება საოკუპაციო ხაზის გადმოტანას და პროვოკაციების მოწყობას ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს.
“რუსეთი ეცდება საოკუპაციო ხაზის გადმოტანას, პროვოკაციების მოწყობას ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, მათ შორის გარკვული დივერსიული აქტების ორგანიზებას, რათა ამით ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს ქართულ საზოგადოებაზე. ასევე მოსალოდნელია რუსეთმა განახორციელოს ანტიქართული პროპაგადა საერთაშორისო საზოგადოების ფარგლებში. მაგალითად ის, რომ საქართველო კვლავ მფარველობს ბოევიკებს პანკისიის ხეობაში”.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ეკლესიის მსახურთა შორისაც დაიწყოს დასაყრდენის ძებნა.
“შესაძლებელია რუსეთმა ეკლესიის მსახურთა შორისაც იპოვოს გარკვეული დასაყრდენი, რასაც მრევლზე ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენებს, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ხშირად ახსენებენ, როგორი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა მართლმადიდებლობა და როგორი მწვალებლები არიან პროტესტანტები”.