“ამ დღეებში მასმედიის საშუალებებით გაიმართა დისკუსია, არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების ხემძღვანელ პირთა შორის იმის გამო, რომ მე, გიორგი ჟვანია ვარ აღნიშნული საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ჩემი მეუღლე, ნინო შარაშიძე გახლავთ აღნიშნული სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ადგილი არ აქვს არანაირ შეუთავსებლობას, მე არ მსურს საზოგადოებაში არსებობდეს თუნდაც მცირედი ეჭვი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე არ მსურს, რომ დაინტერესებული პირების მხრიდან ხდებოდეს ამ საკითხით სპეკულირება. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი და შესაბამისად, აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს და მის დამოკიდებულებას გარემოს დაცვის სფეროსადმი – 1992 წლიდან იგი გახლავთ “მწვანეთა მოძრაობის” წევრი. 1996 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, მუშაობა დაიწყო სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 2010 წელს ეკავა გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა. 2010 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრ გილაურის მიერ გამოცემული მთავრობის დადგენილებით სამინისტროში ჩატარდა რეორგანიზაცია, რომელიც გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში, რომ გაუქმდა ჩემი მეუღლის თანამდებობა. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის კარგად არის გასაგები აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი.
მიუხედავად სამინისტროდან გათავისუფლებისა, გარემოს დაცვის სფეროში 20-წლიანმა გამოცდილებამ და კვალიფიციურობამ განაპირობა ნინოს აყვანა საკმაოდ მაღალ პოზიციაზე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ჟენევის სათავო ოფისში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ნინო დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაერთო “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის მუშაობაში (იგი არის “ქართული ოცნების” პროგრამის გარემოს დაცვის მიმართულების თანაავტორი).
და ბოლოს, მსურს აღვნიშნო, რომ მე არ გამაჩნია გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები და შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური და სახემწიფოებრივი თანამდებობები არ ყოფილა და არც მომავალში იქნება ჩემთვის საინტერესო. ხოლო ჩემი პოლიტიკური აქტიურობა გამოწვეული იყო ორი მიზნით. ერთი მათგანი უკვე მიღწეულია, საქართველო გათავისუფლდა სააკაშვილის რეჟიმისგან და დაწყებულია სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ხოლო მეორე კი, მიღწეული იქნება უახლოსს თვეებში და სამართალი აღსრულდება ჩემი ძმის საქმეზე,” _ ნათქვამია გოგლა ჟვანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.