“ეს თავშესაფრები გათვალისწინებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღამის გათევა ქუჩაში უწევს, მათთვის მომზადდება შესაბამისი ადგილი, სადაც სპეციალური კარვები დაიდგმება. მოეწყობა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობები, იქნება გათბობა, მოძრავი სამზარეულო, სამედიცინო მომსახურება. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ექნება ყველა ინფორმაცია და, მიუსაფარი ადამიანის პოვნის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეეძლებათ მას მიმართონ,” _ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
უკვე მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, დროებითი თავშესაფრის გახსნას არ საჭიროებს ბათუმი. რაც შეეხება სხვა მსხვილ ქალაქებს, წინასწარი მონაცემებით, გასათბობი საშუალებები ქუთაისსა და რუსთავშიც გადაიგზავნება. მინისტრის განცხადებით, თავშესაფრის გარეშე მყოფი ადმაიანიების ძირითადი საინფორაციო ბაზა არსებობს, თუმცა, მუშაობის პროცესში ისიც დაზუსტდება.
მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი სამუშო ჯგუფი, ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გუშინ შეიქმნა.