სხდომაზე აჭარაში უამინდობის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემების გადაჭრის გეგმები განიხილეს. გუშინ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დღეს აჭარის რეგიონში შემოყვანილია დამატებითი ტექნიკა, რათა გზების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა მოხდეს. გეგმის მიხედვით, მთელს რეგიონში გზების გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება.
შტაბის წევრებმა ასევე განიხილეს ელექტროენერგიის აღდგენის საკითხი. რეგიონში ამ დროისთვის აბონენტების 90%-ს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის აღსადგენად სამუშაოებს ინტენსიურად ატარებს.
სხდომაზე საუბარი ასევე ციტრუსის სეზონს შეეხო. საქართველოს მაშტაბით ციტრუსის მოსავალი წელს 80 000 ტონას შეადგენს, აქედან 60% ექსპორტზე გაიგზავნება. გზებზე უამინდობით გამოწვეული ვითარების გამო, ციტრუსის გადატანა შეფერხებული იყო. დღეს გზების გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად გადატანა ჩაბარების პუნქტებამდე იქნება უზრუნველყოფილი.