“ვერ ვიტყვი, რომ პოზიციების განსხვავებულობა, კლანური დაპირისპირებაა. ორ პოლიტიკურ ჯგუფს შორის აზრთა სხვადასხვაობა ამა თუ იმ საკითხზე კლანურ დაპირისპირებად არ უნდა აღვიქვათ. მე და მურმან დუმბაძე მეგობრები ვართ, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე ჩვენც გვაქვს ურთიერთსაპირისპირო შეხედულებები, რა, ამის გამო ხომ არ უნდა ვთქვათ, რომ დუმბაძეების და ვოლსკების კლანს ერთმანეთთან დაპირისპირება აქვსო? ნაციონალების” მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები ცოტა ირონიულია და ამას ყველა გრძნობს”.
აქვე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ავთანდილ ბერიძეზე და განაცხადა, რომ პოლიტსაბჭო მისი გადაყენების საკითხსზე ვერ იმსჯელებს, თუმცა აუცილებლად განიხილავს მის ქმედებას და შესაბამისი შეფასებაც მიეცემა.
“როდესაც გაქვს არჩევანი – 83 ათასიანი მანქანა იყიდო თუ 50 ათასიანი, უნდა გადაწყვიტო იმ მიმართულებით, რომელიც ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს. ვფიქრობ, ავთანდილ ბერიძემაც დაუფიქრებლად გააკეთა ეს. ტენდერის გამოცხადების პირობებიც არ უხდება საქართველოს, სადაც სოციალური პრობლემები საკმაოდ ბევრია. მაცივარზე იყო საუბარი და სხვა თემებზე, შეუსაბამო და არადექვატურია”.
ვოლსკის განცხადებით, გადაჭარბებული ხარჯები არ უნდა იყოს გაწეული, თუმცა ამბობს, რომ შეცდომის გამოსწორება შეიძლება.
ავთანდილ ბერიძის გარშემო ატეხილი სკანდალი იყო დღეს “მემარცხენე ალიანსის” ლიდერის სოსო შატბერაშვილის კომენტირების ერთ-ერთი თემა. მისი განცხადებით პოლიტიკურ პერსონას ასეთი ამბიციები და მოთხოვნილებები არ უნდა ჰქონდეს. ალიანსის ლიდერმა საზოგადოებას შეახსენა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის წლები და პირველი პრეზიდენტის მიერ მერსედესით გადაადგილების გამო მოქალაქეებში გამოწვეული აღშფოთება.
“ცოტა უფროსი თაობის ადამიანებს გახსოვთ, ალბათ რა დღეში ჩააგდეს ზვიად გამსახურდია მაშინდელმა ინტელიგენციის წარმომადგენლებმა “მერსედესის” გამო. იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრ მწვანილის გამყიდველს ჰყავდა “მერსედესი” ზვიად გამსახურდია კინაღამ გადააყოლეს ამ ამბავს. ბერიძეს შეუძლია თავს უფლება მისცეს ბულვარში იაროს საკუთარი ჯიპით, იქ სადაც სხვა მანქანებისთვის მოძრაობა აკრძალულია, საკუთარ თავს “ვიპ” პერსონა უწოდოს, მეზობლები გაანაწყენოს თაგვებით აღსავსე ბუნკერის გამო, ჰყავდეს ქოლგის დამჭერი, მაშინ როცა მსოფლიოში ცნობილი მაღალი რანგის პოლიტიკოსებს თავად უჭირავთ ქოლგები. პარტიამ ავთანდილ ბერიძის საკითხი უნდა განიხილოს და პარტიული სასჯელი დაადოს, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება”.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს ავთანდილ ბერიძის ქმედებაზე, ვერ ასცდა უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე. დეპუტატი მცირე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა:
“ერთი რაც ნამდვილად ვიცი, ავთანდილ ბერიძე არ გაურიცხავთ “რესპუბლიკური პარტიიდან”, ის თავად წავიდა. დანამდვილებით რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ავთანდილ ბერიძე იქნება ის თუ სხვა რომელიმე დეპუტატი, დაარღვევს სამსახურებრივი ეთიკის ნორმებს, მის მიმართ აუცილებლად უნდა იყოს დამსჯელი ქმედება გატარებული, ასე რომ არც საკადრო ცვლილებაა გამორიცხული. ამიტომ ყველაფერს სჯობია არავინ დაარღვიოს კანონი და არ გადაამეტოს უფლება-მოსილებას”.