ქართველი კინორეჟისორის 30 წუთიანმა დოკუმენტურმა ფილმმა მთავარი პრიზი მოიპოვა ნომიანაციაში – საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ფეხბურთზე. მილანში ჩატარებულ ფესტივალზე მსოფლიოს 54 ქვეყნის 150-მდე სპორტულ თემატიკაზე გადაღებული ფილმი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ გოგი თორაძის ფილმმა აღიარება მოიპოვა ნოემბრის თვეში ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზეც სახელწოდებით – „სპორტი კინოსა და ტელევიზიაში”. ტაშკენტში ფილმი საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშავართა შორის დასახელდა და მილანის კინოფესიტვალის საგზური მოიპოვა.
სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი – „ჩვენი ფეხბურთი” მაყურებელს მოუთხრობს ქართული ფეხბურთის საუკუნოვან ისტორიას, მისი დასაბამიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. ფილმის რეჟისორია გოგი თორაძე, რომელსაც სპორტულ თემატიკაზე არაერთი ფილმის აქვს გადაღებული („კომენტატორი”, „სნაიპერი”, „ქართული ფეხბურთის მაესტრო”, „კაპიტანი”, ტრილოგია – რაგბი, კალათბურთი და ფეხბურთი).
ფილმის სცენარის ავტორია აკაკი გვიმრაძე, წამყვანი – კახი კავსაძე, კომპოზიტორი – ვაჟა აზარაშვილი, დიქტორი – ნუგზარ რუხაძე. საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად ფილმი ინგლისურად გახმოვანდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარადჭერით.
ფილმის ჩვენება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 17 დეკემბერს შედგა. ჩვენებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – ელგუჯა ბერიშვილი, მოწვეულიუ სტუმრები და ჟურნალისტები დაესწრენ.