ტურის ცენტრალურ შეხვედრად სწორედ ეს დაპირისპირებაა მონათლული, ქართული ფეხბურთის ქომაგი საინტერესო, დაძაბული და რაც მთავარია სანახაობრივი თამაშის მოლოდინშია.
მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში „გურია“ ყველასთვის კერკეტ კაკლად იქცა და მასთან 3 ქულის აღება ადვილი არავისთვისაა, მითუმეტეს თუ გურულები „ჩელე არენაზე“ თამაშობენ, სადაც მათ გურული ქომაგები უმაგრებენ ზურგს. ასე, რომ გია გეგუჩაძეს იოლი გასეირნება არ ელის. “გურია“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, ხოლო „ზესტაფონს“ ზედა ექვსეულს 4 ქულა აშორებს, ამიტომაც მათთვის თითოელ თამაშსა თუ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მარგვეთელებიც კარგად ხვდებიან, რომ ურთულესი მატჩი ელით, თუმცა ვფიქრობთ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ 3 ქულის მოსაპოვებლად. თანაც „გურიას“ დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, ვალერიან იობაშვილი, არ ეყოლება და ეს ფაქტი მცირე უპირატესობას „ზესტაფონს“ აძლევს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ახალმა გუბერნატორმა “გურიას“ “გადარჩენა“ და ფინანსური კრიზისის დაძლევაში დახმარება დაპირდა _ ეს კი დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს ფეხბურთელებისთვის.
“გურია“ ლანჩხუთი – “ზესტაფონი“ ზესტაფონი
პირველი წრე: 1-0
18 დეკემბერი, ქობულეთი, „ჩელე არენა“, 14:00
მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ზ.ფიფია, კ.ტეფნაძე, ა.კრიჭაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ვალერიან იობაშვილი („გურია“)