გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან დემეტრაშვილმა კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, ბესიკ იორდანაშვილის მეშვეობით, 2009 წელს შპს “ლებე” დააარსა და ამავე საწარმოს მმართველობაში ფარულად მონაწილეობდა. ბესიკ იორდანაშვილი კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა ტენდერსა და გამარტივებული შესყიდვებისას უპირატესობას ანიჭებდა და მფარველობას უწევდა შპს “ლებე”-ს; კერძოდ, 2013 წლის მარტში კასპის რაიონში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის შენობა-ნაგებობებისა და სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ 800 000 ლარი გამოყო.
2013 წლის მარტი-მაისის პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ლევან დემეტრაშვილის ლობირებით ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს “ლებე”-ს ხელშეკრულებები გაუფორმა. ლევან დემეტრაშვილმა და ბესიკ იორდანაშვილმა დოკუმენტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდეს შპს “ლებე”-ს მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება. მათ გაყალბებული დოკუმენტაციისათვის კანონიერი ფორმის მინიჭების მიზნით, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გელიაშვილი დაიყოლიეს და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის ყალბი დასკვნა კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 70 000 ლარს.
გამოძიება ლევან დემეტრაშვილის მიმართ დიდი ოდენობით თაღლითობის, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და ექსპერტზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტებზე (სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 337-ე და 372-ე მუხლების 1-ლი ნაწილით), ბესიკ იორდანაშვილის მიმართ – დიდი ოდენობით თაღლითობის (სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით), ხოლო დავით გელიაშვილის მიმართ – ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).