“ჯერ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გვსტუმრობდა სოფელ ნატანებში, შემდეგ კი თავად მინისტრი ჩამოვიდა. მათგან გავიგეთ, რომ არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო მოგვცემდა 10 თეთრს. სად არის მერე ეს 10 თეთრი? ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვიყავით და გვითხრეს, რომ ცოტათი გაურკვევლობა არის და აუცილებლად მოგვარდება ეს საკითხიო”, _ გვითხრეს სოფელ ნატანებში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, სოფლის მეურნეობის საკითხებში კოტე სარიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ეს პრობლემა დროულად მოგვარდება და ყველა ვინც ჩააბარებს არასტანდარტულ მანდარინს მათ მიეცემათ 10 თეთრი:
_ აქ პატარა გაუგებრობა არის და ყველა შემთხვევაში ათი თეთრი იქნება.
_ როდის მოხდება თანხის სრული გაცემა?
_ გამგებელი ჩამოვა თბილისიდან და ეგრევე მოხდება დოკუმენტალურად ამ საკითხის გარკვევა.
_ ანუ, ვინც არასტანდარტულ მანდარინში აიღო 8 თეთრი მათ აუნაზღაურდებათ 2 თეთრი?
_ კი, რა თქმა უნდა, მიეცემათ სრულად ეს 10 თეთრი.
_ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ციტრუსის მიმღებ ცენტრში 2012 წლის ბრძანებით ხდება ანაზღაურება და აქედან გამომდინარე ფერმერებს ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინზე 8 თეთრი მიიღეს.
_ მოკლედ მინდა გითხრათ, რომ პრობლემა არ იქნება და ყველა მიიღებს არასტანდარტულ მანდარინზე 10 თეთრს. ჩვენ ვიცით ვინც მიიღო ერთ კილოგრამზე 8 თეთრი და მათ მიეცემათ დამატებით 2 თეთრი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ წელს ხელისუფლებამ უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო ციტრუსის სუბსიდირებისთვის. კერძოდ, სახელმწიფომ 13 მილიონ 800 ათასი ლარს გახარჯავს, აქედან 12 მილიონი ლარით სტანდარტული მანდარინის სუბსიდირება ხორციელდება. სახელმწიფო ერთ კილოგრამ სტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს, ხოლო არასტანდარტულში 10 თეთრს იხდის.