მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის “სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გათავისუფლდა სსიპ” საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან, ასევე ქმედების განხორციელების დავალდებულება და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
მოპასუხემ სრულად სცნო სარჩელი.
სასამართლომ შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დაირღვა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ ერთხელ უკვე ბათილად ცნო სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, შესაბამისად, 2013 წლის 30 აგვისტოს სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი დაესვა საკითხი გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის ხელმეორედ გამოცხადების თაობაზე, ვინაიდან კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადის გასვლას აკლდა ხუთი დღე. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები არ არიან უფლებამოსილნი მათი ნების გამოვლენის დამადასტურებლი ხელმოწერის უფლებამოსილება მიანიჭონ სხვა პირს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე გიორგი ბარათაშვილი დაუყოვნებლივ აღდგენილი იქნა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული პირობებით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 06 სექტემბრიდან გიორგი ბარათაშვილის სამსახურში აღგენამდე იძულებითი განაცდურის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის ხელფასის ოდენობით.
საქართველოს “ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სოციალურ დავებზე აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება, შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი უკან დაუბრუნდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.