აქცია მეგრელაძის ქუჩაზე
სოციალური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, ქალაქ ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია 22 ივლისს გამართეს და დაახლოებით, ორი საათით ქუჩა გადაკეტეს.
"გზა, წყალი, გაზი _ ყველა არჩევნების წინ ამ საკითხების მოგვარებას გვპირდებიან. თუმცა, დღემდე არაფერი გაკეთებულა. სად მიდის ბიუჯეტის ფულები, რას ხმარდება? მოვითხოვთ მოგვიგვარონ პრობლემები!", _ აცხადებდნენ იქ შეკრებილები.
"წყალს მატლები და მწერები მოჰყვება, ქუჩაში ვერ გამოუშვებ ბავშვს, გადათხარეს ყველაფერი, ამის მიზეზი კი ის მანქანებია, რომლებსაც კარიერიდან მასალები გააქვთ. ქვაც აღარ დაგვიტოვეს ჭალაში", _ ამბობდნენ აქციაზე.
"წყალმა წაგვიღო, გზა არაა, მტვერში ვიხრჩობით. ჭიაყელებიან წყალს ვსვამთ! რაღა არ გამოდის წყალში, გახეთქილია მილები. ადგილობრივი არჩევნებზე შეგვპირდნენ, აგვისტოში გაგიკეთებთო, მეორე აგვისტო მოვიდა და სად არის გაკეთებული რამე? სადაა მთავრობა?! თავისი ჯიბისთვის ფიქრობს ყველა. დადიან ეს დიდი მანქანები, ჭალაში ქვაც აღარ დატოვეს გაუყიდველი. იყიდება საქართველო! საპარლამენტო არჩევნების წინ რომ დაიწყეს ქუჩის გაზიფიცირება, ჯერ არ დაუსრულებიათ", _ გვითხრა 65 წლის ლამზირა ჯუღელმა.
"დარია თუ ავდარია, ჩვენთან წყალი მაინც დამდგარია", _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბარში 72 წლის ქალბატონმა.
" პრობლემების მოგვარებას ვითხოვთ. აღარც ღამით გვაქვს მოსვენება ამ კარიერის გამო. გზაც დახეთქილია და წყლის მილებიც. წყალი, გზა და გაზი _ ესაა ჩვენი მოთხოვნა. დღესაც ვიყავით "სოკარის" ოფისში და ცოტა შეჩერდითო! რამდენ ხანს შევჩერდეთ?!" _ კითხულობდა ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
"სანაგვე ურნები, ქუჩის განათება და სახლის ნუმერაცია გვაქვს. ამისთვის მადლობა, მაგრამ ეს საკმარისია?" _ ამბობდა მაყვალა ქარცივაძე.
"მე ბერძენი ვარ, ასეთი რამ სხვა ქვეყანაში არ ხდება. ჭიაყელა კისერში შემრჩა, შეიძლება ასე ან შეიძლება ამ წყლის დალევა? გზა არ გვაქვს და კვალი", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბარში ალინა შალიკაშვილმა.
"პირველ რიგში, ვითხოვთ ნორმალურ წყალს, რომელსაც მატლები არ გამოყვება; გზაც არ გვაქვს; გაზიფიცირება რამდენი ხანია მიმდინარეობს და ჯერ არ დაუსრულებიათ. კარიერზე მომუშავე მანქანებმა დააზიანეს და ბოლო მოუღეს გზას _ დადის 40-ტონიანი მანქანები და მილებიც ამის გამო დასკდა", _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბარში მეგრელაძის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
"გუბერნატორის და გამგებლის სახელზე განცხადება შევიტანეთ. სად მიაფუჩეჩეს, რა უქნეს, არ ვიცით?! სად მიდის ბიუჯეტის ფულები?!" _ ამბობდა ერთ-ერთი ქალბატონი.
"ახლა "დრაბილკა" (ქვის გადამამუშავებელი საამქრო) დადგეს ქუჩის ბოლოს და მტვერი გვახრჩობს", _ შემოგვჩივლა ასაკოვანმა მამაკაცმა.
საკრებულოს სხდომა დატოვეს და აქციაზე მოვიდნენ ოპოზიციონერი ლიდერები თემურ სალუქვაძე და ლელა ნაცვალაძე. აქციის მონაწილეებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ტაკიძე და წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის წყალმომარაგების სერვისცენტრის მენეჯერი იასონ ცინცაძე.
"გაზი ჩვენ არ გვაქვს და გზა. პატრონი ჩვენ არ გვყავს. რამდენი თანხა გამოიყო ბიუჯეტში გზაზე, წყლის სისტემის მოწესრიგებაზე? გზას ის ხალხი გაგვიკეთებს, ვისი მანქანებიც აქ დადის?" _ უთხრეს გამგებელს აქციის მონაწილეებმა.
გია ტაკიძე: _ არავინ არ გაგიკეთებთ არაფერს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს გზა.
მოქალაქე: _ არ გამოვა ეს დალაპარაკება. არჩევნების წინ გვითხარით, მოგვეხმარეთო და მოგეხმარეთ;Eშეგვპირდით, პრობლემებს მოგიგვარებთო. რამდენმა არჩევნებმა ჩაიარა? წლებია გვპირდებით და არაფერი გაგიკეთებიათ. თქვენ რა გენაღვლებათ?! _ ეუბნებოდა მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ოზურგეთის წყალმომარაგების სერვისცენტრის მენეჯერის იასონ ცინცაძის თქმით, აღნიშნული ქუჩის წყალგაყვანილობის მოწესრიგებისთვის ტენდერი გამოცხადებულია და სექტემბრიდან უკვე დაიწყება არსებული პრობლემის მოგვარება.
ტაკიძე მოსახლეობას შეჰპირდა, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდება: "ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ წყლის სისტემის მოწესრიგების შემდეგ, გზას დავაგებთ. ორშაბათს საინიციატივო ჯგუფს შევხვდებით და დეტალურად განვიხილავთ თითოეულ პრობლემას".
აქციის მონაწილეებს, ადგილზე მისულმა საქართველოს იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება აღუთქვა.
აქციას შორიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები აკვირდებოდნენ.