რამ შეიძლება გამოიწვიოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, უკავშირდება თუ არა ეს პროცესი სამართლიანობის აღდგენას ამ და სხვა საკითხებზე “გურია ნიუსს” “პოლიტიკის და სამართლის ცენტრის” თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი ესაუბრა.
_ ბატონო ამირან, როგორ შეაფასებთ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, გიგი უგულავასათვის უფლებამოსილების შეჩერებას და რამდენად სარწმუნოა ვანო მერაბიშვილის განცხადება მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით? რეალურად დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა?
ამირან გიგუაშვილი:
_ თქვენი შეკითხვის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხება ზეწოლასთან დაკავშირებით, ვიტყოდი, რომ მოდელირებულ “ქრონიკას” თუ გავიხსენებთ, ისეთი მარტივი სიუჟეტის მოფიქრება, რომ თითქოს თავზე ქურთუკდაფარებული გამოიყვანეს და მთავარ პროკურორს შეახვედრეს, ვანო მერაბიშვილს არ გაუჭირდებოდა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ სიტყვაზე ვერ ვენდობით ვერც მერაბიშვილს, ვერც სუბელიანს და ვერც ღარიბაშვილს. ამიტომაც აუცილებელია კვალიფიციური გამოძიების ჩატარება, რადგან როგორც არ უნდა შეეცადოს მთავრობა ამ საკითხისათვის კომიკური ელფერის შეძენას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის და მის განცხადებას საზოგადოება სერიოზულად აღიქვამს. რაც შეეხება გიგი უგულავას გადაყენებას, ეს ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზია, როდესაც ფორმალურად სასამართლოს შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ქვეყანაში ერთ-ერთი უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე, პირდაპირი წესით არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირის გადაყენება. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ შესაძლოა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ივანე მერაბიშვილი, გიგი უგულავა და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერები, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით ნამდვილად ათასგვარ დანაშაულს ჩადიოდნენ, მაგრამ საზოგადოების დაკვეთა მხოლოდ მათი დაჭერა კი არ არის, პირველ რიგში წართმეული ქონებების დაბრუნება და მორალური ზიანის კომპენსაციაა, რისი გადაწყვეტის გზასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავთ.
_ თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხის გადაწყვეტას, მით უმეტეს როდესაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადავადების მთავარი მიზეზი, სწორედ სახელმწიფოს მიერ გასაცემი კომპენსაციას უკავშირდება. მთავრობა აცხადებს, რომ ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს.
_ მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნის გადავადებას ან არშექმნას ტრაგედიად არ აღვიქვამ. თავიდანვე ვამბობდი, რომ ერთი კომისია 9-წლიანი რეჟიმის მსხვერპლის მქონე საზოგადოების პრობლემების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. ამას სჭირდება სისტემური გადაწყვეტა, კონკრეტული ბიუჯეტის გამოყოფა და ცალკე საგამოძიებო უწყების შექმნა, რომელიც ამ საქმეებს შეისწავლის. ის, რომ ბიუჯეტი არ არის და კომპენსაციებს ვერ გასცემენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომისიის ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსი სახელმწიფოს არ აქვს. მთავარია, საქმეების გამოკვლევა დაიწყოს. ადამიანმა შეიძლება იცოდეს, რომ კომპენსაცია, რომელიც მას ეკუთვნის თუნდაც 7 წლის მერე, მაგრამ მაინც მიიღებს. რეჟიმის მსხვერპლთა კომპენსაციის საკითხი კანონით გარანტირებულ უფლებად უნდა დაგინდეს, რომ მომდევნო ხელისუფლებამ მისი ადვილად შეცვლა ვერ შეძლოს. თუკი სახელმწიფო გრაფიკს შეიმუშავებს, საზოგადოება ამას გაიგებს. ხალხისთვის მთავარი აღიარება და ის მოლოდინია, რომლითაც შედეგს აუცილებლად მიიღებს. მაგრამ, როცა უკვე მეორე წელია მთავრობა შეიცვალა და ამასაც ვერ სთავაზობენ ხალხს, რომ თუნდაც, მათ 2020 წელს დაუბრუნებენ წართმეულ ქონებას ან კომპენსაციას გადაუხდიან, ეს ადრე თუ გვიან მძაფრ ნეგატივად დაუბრუნდება ხელისუფლებას, მით უმეტეს თუ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად არ გაუმჯობესდა.
_ ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით, რამდენად ხედავთ კრიზის საფრთხეს?
_ რა თქმა უნდა, ქვეყანაში რომ გარკვეული პრობლემებია ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ ამ ეტაპზე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიტიკური კრიზისის ნიშნებია. თუმცა, თუ ხელისუფლება ამ ორი მიმართულებით, როგორც არის სამართლიანობის აღდგენა და სოციალური ფონის გაუმჯობესება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, დადგება მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი და ეს არც ისე რთულია, როგორც დღეს ბევრს წარმოუდგენია.
_ რა მექანიზმი არსებობს მთავრობის დათხოვნისათვის?
_ სუფთა სამართლებრივად, არსებული კონსტიტუციიდან გამომდინარე ეს შეიძლება ბევრ ბიუროკრატიულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი უახლოესი წარსული გვიჩვენებს, რომ თუ პოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია, კანონი ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგ ლოგიკით მიხეილ სააკაშვილსაც შეეძლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალოვნები არ დაეთმო “ოცნებისთვის”, მაგრამ დავინახეთ, რომ ხალხის ნებას სააკაშვილიც კი ვერსად გაექცა. ამიტომაც, თუ საზოგადოების უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ნაკლები მნიშვნელობა ექნება რა წერია კონსტიტუციაში. კოალიციის შიგნით აუცილებლად გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცდომებზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ და ამისათვის 76 დეპუტატის მოგროვება არ გაუჭირდებათ, თუნდაც ნაციონალურ ფრაქციის წევრებთან ინდივიდუალურ რეჟიმში და ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატებთან თანამშრომლობა დასჭირდეთ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას ნებისმიერ დროს, რისთვისაც საკანონმდებლო ორგანოს უნდა მიმართოს დეპუტატების ორმა მეხუთედმა, ანუ მინიმუმ სამოცმა დეპუტატმა. შესაბამისად, თეორიულად უნდობლობის საკითხის აღძვრას 60 დეპუტატი სჭირდება, რომლის მოძიებაც “ნაციონალური მოძრაობას” საკუთარი უმცირესობისა და ე.წ. ნეიტრალური ფრაქციების ხარჯზე დღესაც არ გაუჭირდება და მით უმეტეს მაშინ, თუ პროცესები საამისოდ მომწიფდა. პრეზიდენტს რჩება რესურსი, ერთჯერადად გამოიყენოს ვეტო და უარი განაცხადოს პრემიერის ახალი კანდიდატურის წამოყენებაზე. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის სამი მეხუთედი ანუ 90 დეპუტატი მაინც მხარს დაუჭერს ახალ კანდიდატურას, პრეზიდენტი ვალდებული ხდება სამი დღის ვადაში ეს კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს, რომელსაც უკვე ხმათა უბრალო უმრავლესობით ნდობას ან გამოუცხადებენ არ არა. პოლიტიკა ძალების პრაგმატული ერთობაა და აქ რომანტიზმის ადგილი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილის წარმატება, კოალიციის წარმატებაა, წარუმატებლობა კი მხოლოდ მისი და პარტია “ქართული ოცნების” მარცხი იქნება, რაც, დარწმუნებული ვარ, მანაც შესანიშნავად იცის.
_ რის გამო შეიძლება დადგეს მთავრობის უნდობლობის საკითხი?
_ ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ხელისუფლების მიმართ საზოგადოების მხრიდან ძირითადი დაკვეთა ორი მიმართულებით იყო, ერთი სამართლიანობის აღდგენა და მეორე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, მეორე წელი დაიწყო და სამართლიანობის აღდგენის მხრივ რეალური გეგმა ხელისუფლებას შემოთავაზებული არ აქვს, მაგრამ როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, დღეს საზოგადოებას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უფრო აწუხებს, ვიდრე სამართლიანობის აღდგენა.