შოუ-პროგრამა პარლამენტის შენობის წინ 18:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ბავშვები არნახული სასწაულის მომსწრენი გახდებიან: პატარების წინაშე ზღაპრული სამყაროდან საყვარელი გმირები გაცოცხლდებიან, რომლებიც სადღესასწაულოდ მორთული მარხილით სანტა-კლაუსებსა და თოვლის ბაბუას მოიწვევენ. საახალწლო სტუმრები პატარებს დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ, მათთან ერთად საშობაო ნაძვის ხეს აანთებენ და საჩუქრებს დაურიგებენ.
შოუ-პროგრამის დასრულების შემდეგ სანტა კლაუსები პარლამენტის ეზოში განთავსებულ სადღესასწაულოდ მორთულ ავტობუსებში ჩასხდებიან, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დაიძვრებიან და მთელს ქალაქს შემოივლიან.
26 დეკემბრიდან ორი დღის განმავლობაში ამ ზღაპრულ სანახაობას რეგიონებში მცხოვრები პატარებიც დაესწრებიან, საქართველოს 64 რეგიონს 700-მდე სანტა-კლაუსი ეწვევა.
ღონისძიება ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.