2009 წლის 20 მაისს მათზე ღამით თავდასხმა მოხდა 20 შეიარაღებული ნიღბოსანი აგარაკზე მივიდა და გულნაზ ქარსელაძის ქმარი დილის 5 საათამდე დაკითხვაზე გაიყვანეს. მოწმის განცხადებით, ის აგარაკს უვლიდა და ამის გამო 9 წლის განმავლობაში იქ ცხოვრობდა. ქარსელაძემ აღნიშნა რომ, კვარიათის აგარაკის საქმეში ერთ-ერთი პროკურორი მალხაზ გუბელაძე მონაწილეობდა. მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ თუ ის აგარაკს არ დატოვებდა შვილების მოკვლით დაემუქრნენ.
როგორც ირკვევა კვარიათში მდებარე სახლი, ვინმე ზურაბ ლობჟანიძეს ეკუთვნოდა, რომელმაც 2003 წელს საკუთრება გაყიდა. მოწმის ჩვენებით აღმოჩნდა, რომ 2003 წლის შემდეგ სააგარაკო სახლი 3 ჯერ გაიყიდა. თუმცა, ის თავის ოჯახთან ერთად, ისევ განაგრძობდა აღნიშნულ სახლში ცხოვრებას. მოწმის ჩევენებიდანვე ირკვევა, რომ 2009 წლის შემდეგ, აგარაკზე ვანო მერაბიშვილი და მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ.
“მე ახლოს ვინ მიმიშვებდა აგარაკთან. დაცვა იცავდა სახლს. რამდენჯერმე დავინახე სახლის აივანზე თაკო სალაყაია ბავშვთან ერთად. რა გაჭირვება ქონდა ასეთი ბატონ მერაბიშვილს რომ ღამე დაგვესხა თავზე და ოჯახიანად გამომაგდო იმ აგარაკიდან?! მერე მითხრეს კარგი კაცია მერაბიშვილი, მიდი, სთხოვე, ეგებ გამუშაოს ისევ აგარაკზეო, მაგრამ აღარ მითხოვია მისთვის არაფერი. იმ ღამეს ნიღბოსნებმა მითხრეს წაიყვანე აქედან შენი ქმარ-შვილი თორემ შვილი აღარ გეყოლებაო,” _ განაცხადა მოწმემ.
დღესვე აღნიშნულ საქმეზე დაიკითხებიან შსს-ს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები. ასევე, აჭარის კუდის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე, რომლის ჩვენება ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება. პატარიძის ჩვენებაზე სხდომის დახურვა თავად დაცვის მხარემ ითხოვა, რომლის არგუმენტი შესაძლო სახელმწიფო საიდუმლეობრივი დეტალებია.