ცენტრ “მომავლის ინიციატივების” ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ის დაჩქარებული წესით, განხილვების გარეშე, არ უნდა მიიღონ.
“ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, დადებითად არ წაადგება ახალ ხელისუფლებას. კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების მიუხედავად, ისე არ არის, რომ პრეზიდენტი უფუნქციოდ დარჩა. ამ სისტემაში პრეზიდენტსაც შენარჩუნებული აქვს თავისი უფლებამოსილებები და უშიშროების საბჭოსაც. ეს არის მოცემულობა, რომელიც უნდა ახსოვდეს კანონმდებელს, რომელიც რაიმე ინიციატივის კანონად ქცევას მოინდომებს. ერთი ნაჩქარევი მცდელობა, უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებებით უკვე იყო, რაც პრაქტიკულად, კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებსაც ართმევდა პრეზიდენტს, მაგრამ არ მიიღეს. მაგრამ ამ კანონში ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი დღეს უკვე სხვა კანონპროექტის ინიციატორად გვევლინება. კონსტიტუციით პრეზიდენტი სამხედრო ძალების მთავარსარდლად რჩება. მაგრამ კანონმდებლები უშედეგოდ ცდილობენ თავისივე პოლიტიკური ძალიდან მხარდაჭერილ პრეზიდენტს კანონით უფლებამოსილება შეუჩერონ, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ამასთან, სამხედრო ძალები პარლამენტის კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს, მხედველობაში მაქვს რიცხოვნობის ზედა ზღვარის განსაზღვრა, რადგან სწორედ პარლამენტი განსაზღვრავს დასაშვებ რიცხოვნობას ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის აქტით. ამასთან, უშიშროების საბჭო კონსტიტუციურ ორგანოდ დარჩა. ვერც მთავრობა და ვერც პრეზიდენტი თავისი ინიციატივით ამ საკითხს ვერ განიხილავენ და მიიღებენ, თუ ის უშიშროების საბჭოდან არ წამოვიდა,” _ აცხადებს ალაფიშვილი.
რაც შეეხება იმას, კანონი დადგენილებას რით ჯობია, ალაფიშვილი ამბობს, რომ “გარკვევაც არ არის საჭირო, ეს კანონპროექტი იმდენად ანტიკონსტიტუციურია”.
“დადგენილება განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, კანონი განიხილება და მიიღება სამი მოსმენით. დადგენილებას აქვს დაბალი ქვორუმი, ლეგიტიმაციის დაბალი დონე, კანონს – უფრო მაღალი ქვორუმი და დონე. პარლამენტის დადგენილების დარღვევა პირდაპირ კანონდარღვევა არ არის, კანონის დარღვევა კი კანონდარღვევაა, რომელსაც პასუხისმგებლობა მოსდევს. ამასთან, როდესაც ვაცხადებთ, რომ ნატო-ში და ევროკავშირში გვინდა გაწევრიანება, მაინტერესებს, როგორ აუხსნის ნატო-ს წარმომადგენლებს კანონის ავტორი ამ ინიციატივას. ნატო-ს დემოკრატიული სტანდარტია, რომ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე აქტით უნდა განისაზღვროს ეს საკითხი. თუ საჯარო სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობის ზედა ზღვარი კანონით განისაზღვრება, მაშინ სამხედრო სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობის ზედა ზღვარი რატომ უნდა განისაზღვროს დადგენილებით? ამასთან, შეუსაბამობაა ისიც, რომ ბიუჯეტის კანონპროექტთან ერთად შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის ზედა ზღვარი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის და არც პარლამენტშია ინიცირებული. თუკი არ იცი რამდენი ჯარისკაცი შეიძლება გყავდეს, როგორ უნდა გათვალო, მის შენახვას რა თანხა დასჭირდება? კონსულტაცია პრეზიდენტთან და უშიშროების საბჭოსთანაც კი არ არის გავლილი, არასამთავრობო სექტორს და იურისტებს, ვინ გვკითხავდა?! ავტორი გვეუბნება, რომ კონსტიტუციაც არ აინტერესებს, პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს რომ თავი დავანებოთ. იმდენად ბევრი კითხვა და კანონშეუსაბამო აბსურდია ამ პროექტში, რატომ მოხდა ამის ინიცირება, ჩემთვის უკვე აზრს მოკლებულია ამ კითხვის დასმა,” _ აღნიშნავს ალაფიშვილი.
თავდაცვისა და უასაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრი თეონა აქუბარდია “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ “ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას მინიმუმ ხედვა უნდა იყოს ჩამოყალიბებული, კანონპროექტის ავტორს რისი მიღწევა სურს”.
“ამასთან, განმარტებები გაკეთდეს, რატომ დადგენილება და არა კანონი და უქმნის თუ არა ეს პარლამენტს გარკვულ შეზღუდვებს დემოკრატიული კონტროლის მექანიზმის კუთხით. კონსტიტუციის ის ნორმა კი, რომლითაც საკითხი რეგულირდებოდა, კვლავაც ძალაშია და მაღალი ლეგიტიმაციის დონე აქვს. ამასთან, როცა საუბარია შეიარაღებული ძალების დემოკრატიულ კონტროლზე, პარლამენტს გააჩნია მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ მან დაუმტკიცოს ხელისუფლებას, შეიარაღებული ძალების ის რაოდენობა, რაც ქვეყანას სჭირდება და ეს არა დადგენილებით, არამედ კანონით რეგულირდებოდეს. საკითხი აუცილებლად უნდა იყოს პარლამენტარების მხრიდან განხილული, რით არის გამოწვეული სხვადასხვა ინიციატივები, რომელიც ბოლო პერიოდში დგება დღის წესრიგში. მით უფრო, რომ ამ კანონის გაუქმება იგეგმება კანონპროექტით, რომელიც 1 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში, თუმცა, ჯერ არც საკომიტეტო და შესაბამისად, არც პლენარულ სხდომაზე ეს კანონპროექტი განხილული არ არის. წესით, ასეთი კანონი სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად უნდა ყოფილიყო ინიცირებული, თუმცა, მიზეზი არ ვიცით, რატომ არ შევიდა პარლამენტში. სანამ უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში არ იქნებოდა ცვლილებები შეტანილი და არ დამტკიცდებოდა, ასეთი დადგენილების მიღება ახსნა-განმარტების გარეშე არ უნდა მომხდარიყო. ამასთან, საკითხები არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა განხილულიყო, მით უფრო, რომ ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, მინიმუმ ინფორმაცია უნდა გვქონოდა რით არის ეს ცვლილებები განპირობებული,” _ აცხადებს აქუბარდია და დასძენს, რომ “2014 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა დამტკიცებული არ არის”.
ექსპერტებისა და იურისტების შენიშვნების მიუხედავად, კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების საჭიროება კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ დადგა და ის უზენაეს კანონს არ ეწინააღმდეგება.
“აქამდე როგორც ხდებოდა, შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას ამტკიცებდა საქართველოს პარლამენტი, დღესაც იგივე ნორმები მოქმედებს. აქამდე მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება, ვინაიდან შემადგენლობა კანონით მტკიცდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდა, პრეზიდენტს აღარ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება, შესაბამისად, ის ნორმა გავაუქმეთ. თუმცა, როგორც აქამდე იყო უშიშროების საბჭო განიხილავს საკითხს და პარლამენტს წარუდგენს რიცხოვნობას, რომლის დამტკიცებაც ხდება პარლამენტის დადგენილებით,” _ აცხადებს სესიაშვილი და დასძენს, რომ კონსულტაცია არასამთავრობო სექტორთან არ გაუვლიათ, რადგან ეს საკითხი ამ დონეზე გადასაწყვეტი არ იყო.
აღსანიშნავია, რომ 13 დეკემბერს ინიცირებული კანონპროექტი, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 24-27 დეკემბერს უნდა განიხილონ.