“უკვე ერთი წელია, მიმდინარეობს ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციისთვის მიუღებელი ტერმინების უარყოფა ქართული ოცნების მთავრობის მიერ. გვესმის რა მტკიცება იმისა, რომ საქართველო არ უნდა იყოს წინააღმდეგობის საგანი დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში, ვიღებთ ჩვენი ნაციონალური ინტერესების გამომხატველი ფორმულების გაუქმებას, რომლის უკანაც იკვეთება საფრთხე იმისა, რომ საქართველომ თავად მოუხსნას პასუხისმგებლობა რუსეთს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის გამო.
სულ ცოტა ხნის წინ შეეცვალა სახელი რეინტეგრაციის სამინისტროს, დღეს კი, კანონში უმაღესი განათლების შესახებ ტერმინს, საოკუპაციო ხაზი, ანაცვლებს ახალი ფორმულირება “გამყოფი ხაზი”.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამგვარი ტერმინოლოგიური მანიპულაციებით იქმნება ნიადაგი, რომ რუსეთს საშუალება მიეცეს, დაუბრუნდეს თავისი როლისა და საქართველოს ტერიტორიებზე წლების წინ გაჩაღებული აგრესიის 1992-1994 წლების ფორმულას, რომლის თანახმად კონფლიქტი შიდა ქართულია, ჩვენი საზოგადოება გაყოფილია ეთნიკურ ნიადაგზე, ხოლო რუსეთი – შუამავალი. ეს კლიშე საერთაშორისო დონეზეც იყო დამკვიდრებული შევარდნაძის დროს, რაც გამორიცხავდა ტეროტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე ძალისხმევის ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს რუსეთის მძევლად აქცევდა.
ოპონენტთა მტკიცება, რომ ახლახანს მიღებული კანონი განათლებას ეხება და ოკუპაციის ნიუანსები იქ განსახილველი არაა, დემაგოგიაა – ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი, რომელიც საოკუპაციო ხაზის ცნებას გამყოფი ხაზის სრულიად სხვა დატვირთვის მქონე ფორმულით ჩაანაცვლებს, რუსეთს გამოადგება შემდგომი დაწოლისათვის როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, რათა საქართველოს დაუბრუნოს არშემდგარი, ეთნიკური კონფლიქტებით მოცული ქვეყნის იმიჯი და მოიხსნას პასუხისმგებლობა. ვთვლით, ამ რუსულ განზრახულობაში ქართული პარლამენტის ნებსით თუ უნებლიე ჩართულობა უდიდესი საფრთხეა,” _ ნათქვამია განცხადებაში.