უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, თბილისის მერია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სა და “იმედს” რეკლამისთვის მილიონებს ურიცხავდა და მათ რიცხვს ხშირად ტელეკომპანია “რეალტივიც” ემატებოდა.
ხიდაშელის თქმით, ასევე მილიონები იხარჯებოდა ქალაქგაფორმებასა და გასართობ ღონისძიებებზე. თუმცა, აღნიშნული ღონისძიების ფინანსური ხარჯების აღმრიცხველი დოკუმენტაცია არ არსებობს.
დეპუტატის განცხადებით, 120 000 ლარი დაჯდა ტოტო კუტუნიოს კონცერტი, მაგრამ არც ამ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს. ამას ემატება “ნაციონალების” მიერ პარტიული მიზნებისთვის გამოყენებული სახელმწიფო სახსრები, აღნიშნავს დეპუტატი.
კომისიის დასკვნაში ასევე ყურადღება ეთმობა ტენდერების საკითხსაც, სადაც მნიშვნელოვანია “ფუდ სერვისის” საქმე, რომელიც ხიდაშელის თქმით, არჩილ გეგენავას ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება.
უმრავლესობის დეპუტატი პროკურატურას მოუწოდებს, კომისიის დასკვნით დაინტერესდეს და განსაკუთრებული ყურადღება ხარჯვით ნაწილზე გაამახვილოს.