გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნაგასავსაყრელის მშენებლობის შედეგად მოხდება ამჟამად მოქმედი ძველი ნაგავსაყრელის კონსერვაცია და რეაბილიტაცია, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარემოსათვის მისაღები ფორმით განთავსება და ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის პერსონალის გადამზადება ნარჩენების მართვისა და ნაგავსაყრელის ოპერირების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ბორჯომში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტს გადაეცემა ახალი ტექნიკა (ბულდოზერი, კონტეინერები, სხვა დამხმარე ტექნიკა). გარდა ამისა, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2014 წლის პირველ კვარტალში.
საქართველოში მოქმედი ნაგავსაყრელებიდან მხოლოდ ორია სანიტარული. წლების მანძილზე არ არსებობდა ნარჩენების მართვის საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. ამჟამად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ნარჩენების მართვის სტრატეგიასა და საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე მუშაობა.