_ პაციენტი დაავადებული იყო ტუბერკულოზით და აივ/შიდსით. 2013 წლის 27 დეკემბრიდან მას ანტიტუბერკულოზური მკურნალობა უტარდებოდა. შესაძლო შედეგების შესახებ ექიმების მიერ არაერთგზის ინფორმირების მიუხედავად, პაციენტს წერილობითი უარი ჰქონდა გაცხადებული აივ/შიდსი-ს საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე.
წინასწარი მონაცემებით, პაციენტს 31 დეკემბერს აღენიშნებოდა ტკივილი მუცლის არეში, ჭიპის გარშემო. ქირურგმა, კონსულტაციის შედეგად, გამორიცხა ქირურგიული შემთხვევა და სიმპტომურად დაუნიშნა მედიკამენტური მკურნალობა. შემდგომი 2 დღის განმავლობაში, ექიმების ინფორმაციით, კლინიკური სურათი არ შეცვლილა, თუმცა პაციენტი რაიმე სპეციალიზებული ჩარევის გარეშე გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩარევის საჭიროება აშკარად იკვეთებოდა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ან კატასტროფის მედიცინის ბრიგადა გამოძახებული არ ყოფილა.
სავარაუდოდ, სახეზეა ექიმის შეცდომა. შემთხვევის შესწავლის მიზნით, ერთობლივი მუშაობა დაწყებულია სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის და სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს მიერ. დაწყებულია გამოძიებაც. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.