როგორც თურქეთში საქართველოს კონსული ირაკლი ასაშვილი აცხადებს, ყველა გარდაცვლილის საბუთების გადმოცემას ელოდებიან ქალაქ გებზეს პროკურატურისგან, პროკურორთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
ცნობილია, რომ თურქეთის მხარის დახმარებით, ცხედრების გადმოსვენება სარფის საბაჟომდე მოხდება, სადაც მათ სამეგრელოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდებიან, რომლებიც ცხედრების ოჯახებში გადასვენებაზე იზრუნებენ. გარდაცვლილთაგან ერთი ზუგდიდელია, ერთი სენაკელი, ორი კი – რომან ცომაია და მამუკა გაბელია – აბაშელი.
გადმოსვენებამდე ცხედრებს სტამბოლში ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ გებზეში 4 ადამიანის გარდაცვალება კუსტარულად დამზადებულმა სპირტიანმა სასმელმა გამოიწვია. გარდაცვლილი ქართველები გებზეში ერთ–ერთ მშენებლობაზე მუშაობდნენ. რაც შეეხება სასმელით მოწამლულ დანარჩენ პიროვნებებს, ისინი მძიმე ინტოქსიკაციით ჯერ კიდევ თურქეთის საავადმყოფოში რჩებიან.