8 იანვარს ჩვენი გუნდი პირველ ადგილზე მყოფ ლიტვის ნაკრებს უმასპინძლებს. ეს მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება.
2 იანვარს ჩვენი გუნდი თურქეთში 23:29 დამარცხდა, თუმცა გუშინ სრულფასოვანი რევანში აიღო. განსაკუთრებით კარგად ითამაშა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რატი მსხვილიძემ, რომელმაც 15 დარტყმიდან 11 გაიტანა. გადამწყვეტი გოლი, რითაც ჩვენმა გუნდმა 7-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, სწორედ მსხვილიძემ შეაგდო უკანასკნელ წამებზე.
რატი მსხვილიძის გარდა ჩინებულად ითამაშეს ვლადიმერ რუსიამ, რევაზ ჭანტურიამ და სერგო დათუკაშვილმა. მათ შესაბამისად 6, 5 და 2 გოლი გაიტანეს. 5 ბურთი შეაგდო ირაკლი ჩიქოვანმა, თუმცა მეორე ნახევარში ხელი იტკინა და შეხვედრა ვეღარ განაგრძო. უცნობია, შეძლებს თუ არა ის ლიტველებთან ასპარეზობას. მეორე ტაიმის საწყის წუთებში ბრწყინვალედ ითამაშა ნაკრების კაპიტანმა და მეკარემ შოთა თევზაძემ, რომელმაც რამდენიმე სახიფათო დარტყმა მოიგერია, მათ შორის ზედიზედ ორი პენალტი.
სადღეისოდ ჩვენ გუნდს 4 მატჩიდან 2 მოგება აქვს და იმ შემთხვევაში თუ ლიტვას დაამარცხებს, პირველობის შანსს შეინარჩუნებს. ჩვენი გუნდი შესარჩევ ტურნირს 11 იანვარს, ფინეთში მასპინძლებთან მატჩით დაასრულებს. ცნობისათვის: საკვალიფიკაციო ტურნირის ფლეი-ოფში მხოლოდ პირველადგილოსანი გადის.