გიგა ჯაფარიძე ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ერთი წელია რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს.
ყოფილი პოლიცმაისტერი გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოსტს 2011 წლის 13 სექტემბერს ტოვებს. ამის შემდეგ ის, შსს-ს თბილისის ერთ-ერთ სამმართველოში სხვა თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. 2012 წლის ნოემბრის ბოლოს კი, გორის პოლიციის უფროსად დაინიშნა.
გიგა ჯაფარიძის საქმიანობის შესახებ “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა.
2012 წლის 26 ოქტომბერს “გურია ნიუსის” ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა “პოლიციამ ახალგაზრდებს, პოლიტიკური ორიენტაციის გამო, ჯიბეში ნარკოტიკები ჩაუდო” სადაც პატიმრების ოჯახის წევრები “გურია ნიუსთან” აცხადებდნენ, რომ 2011 წლის 19 მაისს, ორი პიროვნება უკანონოდ დააპატიმრეს.
ამონარიდი აღნიშნული სტატიიდან, სადაც პატიმრის მამა “გურია ნიუსთან” პოლიციის ყოფილი უფროსის ნარკოტიკებთან კავშირის შესახებ ჰყვება: _ “იმ დროს პოლიციის უფროსი იყო გიგა ჯაფარიძე, რომელმაც ელაპარაკა ჩემს ერთ-ერთ ახლობელს, რომ რამდენი ხანია, ვუთვლით გოჩა გუჯაბიძეს, მოსულიყო ჩვენთან და ეთანამშრომლა, მაგრამ ვერ დავითანხმეთ, სიახლოვეს ვერ გავიკარეთ. მივაგზავნე კაცი, რომლისგანაც წამალი უნდა ეყიდა მას, მაგრამ მიხვდა და გალახა ის კაციო.
თურმე ეს კაცი, ჩემს შვილთან სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა გიგა ჯაფარიძემ მიაგზავნა, მისი სიძე ყოფილა. იგი ჩემი შვილი წამალს მიყიდდა და მაშინვე დაიჭერდნენ. ესეც არ გამოუვიდათ. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ გიგა ჯაფარიძის და და სიძე, ორთავე წამლით ვაჭრობდნენ. მაგ საქმეს გადააყოლეს მაშინ ჯაფარიძე, ოზურგეთი რომ დაატოვებინეს. მე ეს ყველაფერი პოლიციელებმა მითხრეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ ვინაობას არ დავასახელებ”, _ აცხადებდა პატიმრის მამა.
გიგა ჯაფარიძის თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. მას გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოსტი 2011 წლის სექტემბერში დაატოვებინეს.
ასევე, ჩვენმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯაფარიძის გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, ოზურგეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების, როგორც მომხმარებლები, ასევე, გამსაღებლები აიყვანეს. დაკავებულმა ნარკოტიკის შემოტანა თურქეთ-საქართველოს გამშვები პუნქტის გავლით მოახერხა და მის რეალიზაციას ოზურგეთის ქუჩებში, დღისით-მზისით აწარმოებდა. ამბობენ იმასაც, რომ ქუჩაში ნარკოტიკული საშუალებების თავისუფლად გაყიდვის სხვა ფაქტებიც დაფიქსირდა, კონკრეტულად, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა, სამართალდამცავებს ნარკორეალიზატორები არ დაუკავებიათ. წყაროს ინფორმაციით, სწორედ ნარკოტიკების რეალიზაციასთან და დამნაშავეთა ვერდადგენასთან დაკავშირებულ საქმეს შეეწირა ჯაფარიძის სავარძელი.
თაგები: “ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშემშლელი მაღალჩინოსანი _ სამმართველოს უფროსად დაინიშნა”.