როგორც მაშინ აღვნიშნავდით, #1 საჯარო სკოლის ეზოში ნახევრადდანგრეულ, ისტორიული მნიშვნელობის შენობას შლიდნენ, რომელშიც ამავე სკოლის პედაგოგებისა და კურსდამთავრებულების განცხადებით, განთავსებული იყო მუზეუმი: _ “ეს იყო გურიაში პირველი ვაჟთა სკოლა, სადაც ინახებოდა ისტორიული ექსპონატები”, _ აცხადებდნენ “გურია ნიუსთან” პედაგოგები.
2012 წლის 1 თებერვალს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონული პროკურორს კახა კოჩივარს მარინე სუნგულიამ განცხადებით მიმართა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ოზურგეთის რაიონულ პროკურორს კახა კოჩივარს, რომელიც მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა: _ “აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”, _გვითხრა პროკურორმა.
მარინე სუნგულიას მტკიცებით, ოზურგეთში ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება ძველი კორუფციული სქემა.
“2013 წლის ზაფხულში დაანგრიეს ისტორიული სკოლის შენობა, რომელიც მე- 19 საუკუნეში აშენდა, თავად გრიგოლ გურიელის დახმარებით. ეს შენობა მდებარეობდა გურიელების რეზიდენციასთან. (ახლანდელი ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა),ეს იყო ჯუმათის მონასტერთან არსებული სასულიერო სასწავლებელი. ამავე ტერიტორიაზე იღებს სათავსე (მე- 17 საუკუნე), პირველი კოლეჯის ტიპის სასწავლებელი, იტალიელი მისიონერისა და მალაქია კათალიკოსის(გურიელი) მიერ დაარსებული. აქვე 366 წლის წინათ იტალიელმა ქართველოლოგმა პატრმა ანტონიო ჯარდინამ შეადგინა პირველი ქართული გრამატიკა. სასულიერო სასწავლებლის კედლებში (ანუ იმ შენობაში რომელიც დაანგრიეს) აღიზარდნენ: – ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ისტორიკოსი და მწერალი _ ილია ფერაძე, მწერალი _ ეგნატე ნინოშვილი, საქართველოს მეჭურჭლეთუხიცესი – ექვთიმე თაყაიშვილი, – ნიკო მარი, კომპოზიტორი_ იონა ტუსკია, მილანის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ოპერის პირველი ქართველი მომღერალი – ფილიმონ ქორიძე. მწერალი და კრიტიკოსი _ აკაკი ბაქრაძე და სხვები.
აღსანიშნავია, რომ სკოლა თავისი წარსულით და მოღვაწეობით იუნესკოს ასოცირებული წევრი გახდა. სკოლაში ფუნქციონირებდა მუზეუმი, რომელიც მდიდარი იყო ექსპონატებით, მაგრამ დაანგრიეს, როგორც ისტორიულ – კულტურულ ფასეულობებს მოკლებული და კიდევ ბევრი რამ არის, რაც ეჭვს იწვევს. ჩემს მიერ გამოთხოვილი იქნა საბუთები, სკოლის დანგრევის კანონიერების შესახებ, მაგრამ მსგავსი არ აღმოჩნდა, რამაც უფრო გაამწვავა ეჭვი, იმის თაობაზე, რომ ეს ტერიტორია მავანს აინტერესებდა, ამიტომ ეჭვების გასაფანტავად და სამართლიანობის აღსადგენად 2013 წლის 1 თებერვალს მივმართე პროკურატურას, მაგრამ ერთი წელია არაფერი ისმის, ანალოგიურია სოფლის პროექტებთან დაკავშირებულ; საჩივარზე, რომლის შესახებაც საკმაო მასალა მივაწოდე პროკურატურას. პროკურატურა დუმს.
ძალიან კარგი იქნება თუ გამოჩნდება მსურველი და ამ საკითხზე პასუხს გაგვცემს, რადგან დანაშუალის დაუსჯელობა, კვლავ ახალ დანაშაულს შობს_ ფაქტია, რომ ოზურგეთის ახალი ხელისუფლების პირობებში კვლავ გრძელდება ძველი კორუფციული სქემა სოფლის პროექტებთან დაკავშირებით.”
სოფლის პროექტებთან დაკავშირებულ საჩივარზეც ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა კახა კოჩივარმა ანალოგიური პასუხი გაგვცა, _მიმდინარეობს გამოძიება.
“ოზურგეთის რაიონულ პროკურორს კახა კოჩივარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2011 -2012 წელს “სოფლის მხარდამჭერი პროგრამით” გახორციელებული სამუშაოების შესახებ განცხადებით მიმართეს. საჩივარი, რომელშიც მტკიცებულებებად “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული მასალებიცაა შეტანილი, მარინე სუნგულიამ შეიტანა.
“მოგახსენებთ, რომ 2011- 2012 წლებში სახელმწიფოს მიერ სოფლის განვითარებისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იქნა 1 085 044 , რომელიც უნდა დახარჯულიყო სოფლებში, საბავშვო ბაღების რემონტის, გზის რეაბილიტაციისათვის, წყლის სისტემის მოწყობისა და მინი სტადიონების რეაბილიტაციისათვის.
სოფლის განვითარების პროექტის შესასრულებლად გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი გახარჯულია არამიზნობრივად ან მითვისებულია თანამდებობის პირების მიერ.
გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციები. შეისწავლოთ, სოფლის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააყენოთ პირის ან პირების კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი”, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს მარინე სუნგულია აწერს.
მარინე სუნგულია: პირადად ჩემს მიერ “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ სოფელში არის აბსურდული ციფრები დასახელებული, მაგრამ რეალურად დახარჯულია ძალიან მიზერული თანხა. მაგალითად, სოფელ შემოქმედში სველი წერტილის მოსაწყობად გამოყოფილი და დახარჯულია 13 524 ლარი. რომ მივედი და ვნახე, რეალურად არც კი არსებობს. მაგალითად, სოფელ ნატანების ფაქტი ავიღოთ, ჩემი აზრით, თანხები არის არამიზნობრივად გახარჯული და ამის გამო მივმართე პროკურატურას, მოხდეს ამ საქმეების გამოძიება, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც ამაში ხელი ურევიათ, კვლავ არ მოხვდნენ ხელისუფლებაში რაღაც თანამდებობებზე, რომლის ეჭვიც არსებობს და მათ უნდა აგონ სათანადოდ პასუხი.
ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევა გაზეთში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზეც უნდა დაიწყოს, თუკი არსებობს ამისი რეალური ეჭვი, მაგრამ პროკურატურა დღემდე არ დაინტერესებულა მსგავსი ფაქტებით. რადგან ასე არ მოხდა, “გურია ნიუსი” თითქმის ყველა ნომერში წერდა “სოფლის მხარდამჭერი პროგრამების” ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ, სადაც უამრავი ფაქტია მოყვანილი იმისა, როგორ არამიზნობრივად იხარჯებოდა თანხები. ამიტომ, მე მივაწოდე პროკურატურას “გურია ნიუსის” მასალები, ასევე დისკები და ჩემს მიერ მოკვლეული ძალიან ბევრი ფაქტი. ვითხოვ სამართლიან გამოძიებას,” _ აღნიშნავდა, ჩვენთან საუბარში სუნგულია.
თაგები: https://gurianews.com/home/2010-11-25-16-58-05/7924-q–q—–.html
https://gurianews.com/home/2010-11-25-16-58-05/7924-q–q—–.html