შესაბამის გრაფაში ვკითხულობთ: ეკატერინა ხვედელიძე _ საქართველო, საჩხერე (დაბადების ადგილი) _ მეუღლე; ბერა ივანიშვილი _ საფრანგეთი, პარიზი (დაბადების ადგილი) _ შვილი; გვანცა ივანიშვილი _ რუსეთი, მოსკოვი (დაბადების ადგილი) _ შვილი; ცოტნე ივანიშვილი _ საქართველო, საჩხერე (დაბადების ადგილი) _ შვილი.
სწორედ ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი შვილი _ უტა ივანიშვილი. ივანიშვილმა მისი პრემიერ-მინისტროს დროს ორჯერ შეავსო ქონებრივი დეკლარაცია და მასში არც ერთხელ შეუყვანია უტა ივანიშვილი.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოვიპოვოთ ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის კომენტარი, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” პროექტების მენეჯერი გია გვილავა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი ვალდებულია, ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითოს ინფორმაცია მათი ოჯახის წევრების შესახებ:
_ იმ შემთხვევაში, თუ გამოტოვებულია ოჯახის რომელიმე წევრი, ისეთი ახლო ნათესავი, როგორიც შვილია, შეცდომა დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს. თუმცა, კანონმდებლობაში არსებობს გარკვეული პრობლემები _ როცა ზუსტ მონაცემებს არ უთითებენ დეკლარაციაში, ჩვენს, სამწუხაროდ, ზემოქმედების სრული მექანიზმი ჩვენ არ გვაქვს. თუმცა, კანონი პირდაპირ ავალდებულებს საჯარო მოხელეს დეკლარაციის სრულად შევსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატურად ჩნდება ეჭვი, რომ ისეთი ახლო ნათესავის გამოტოვება დეკლარაციაში, როგორიც შვილია, შემთხვევით ვერ მოხვდებოდა და შესაბამისად, არსებობს ისეთი რაღაც, რის დამალვაც სურდა პოლიტიკური თანამდებობის პირს. ასეთი ეჭვი რომ არ არსებობდეს, ამის გამო დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს სრული ინფორმაცია. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისთვისაც ივსება დეკლარაცია, არის ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა და ასეთი შემთხვევები რომ გამოირიცხოს, აუცილებელია, დეკლარაციაში მითითებული იყოს სრული ინფორმაცია, _ გვითხრა გია გვილავამ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ მინისტრის შვილი უტა ივანიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს:
_ პირმა, რომელიც ავსებს დეკლარაციას, შევსების დროს, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს მეუღლე, არასულწლოვანი შვილი და პირი, რომელიც ცხოვრობს მასთან. თუ უტა არ ცხოვრობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ის შეიძლება არ იყოს ასახული დეკლარაციაში, _ გვითხრა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა სოფო ჭარელმა.