_ შიდა აუდიტის სამსახურის დებულება იურიდიულმა სამსახურმა უკვე წარუდგინა საკრებულოს ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად.
შიდა აუდიტის სამსახური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, მართვის პროცედურების წარმოების, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.
წარმოდგენილი დებულების თანახმად, სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები იქნება: გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება; მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მათი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გამგებლისათვის წარდგენა; გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; გამგეობის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება; გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; გამგეობის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება; გამგეობის სტრუქტურებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; სხვა საქმიანობები, რომელიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
შიდა აუდიტის სამსახურმა ყოველი წლის ბოლოს გამგებელს გაწეული სამუშაოს ანგარიშიც უნდა წარუდგინოს.
როგორც საკრებულოს სხდომაზე გაირკვა შიდა აუდიტის სამსახურის შექმნა ცენტრიდან მიღებულმა დავალებამ განაპირობა:
_ სამსახური აუცილებლად შეიქმნება, თუმცა, კონკრეტულ დროს ვერ გეტყვით. ახალი წლის დღეები გაივლის და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერც იმ ადამიანებს დაგისახელებთ, რომლებიც აღნიშნულ სამსახურში უნდა დასაქმდნენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ჯინჭარაძემ.
დებულების წარდგენისას საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ეს სამსახური გამგეობასთან მიბმული არ უნდა იყოს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მითითება სამსახურის შექმნის შესახებ ცენტრიდან მოდის და ადგილობრივი ხელისუფლებაც თანახმაა. თუმცა, კითხვაზე _ რამდენად რეალურია, რომ გამგეობას დაქვემდებარებულმა სამსახურმა შესაძლო გადაცდომის შემთხვევაში გამგეობის ხელმძღვანელობა ამხილოს, ყველა საჯარო მოხელე ერთნაირად გვპასუხობს: _ გამორიცხულია!