მოსახლეობის განცხადებით, ყოველ წელს ხდება წყალგაყვანილობის სისტემის შეკეთება, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ ტარდება და ეს პრობლემა მუდამ გადაუჭრელია.
როგორც “გურია ნიუსს” ბახვის მცხოვრებლებმა უთხრეს, 7 თვეა სოფელს წყალი არ მიეწოდება. აღნიშნულ პრობლემას “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული იური ვაშალომიძეც ადასტურებს.
_ საშინლად ვწვალობთ, რა გახდა ამ პრობლემის მოგვარება? ამდენი წელია, უწყლოდ ვართ. გააკეთებ ვითომ, მერე გაიგებ, სადღაც სხვაგან გასკდა მილი და მთელი თვის განმავლობაში წყალი არ მოდის. შეიცვალა ხელისუფლება და მაინც იგივე მეორდება. რაც თანხა არის გამოყოფილი, არ კმარა. ხომ შეიძლება მოაგვარონ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ? კონკრეტული პასუხი მაინც გვითხრან, როდის გვექნება წყალი?! _ ამბობენ “გურია ნიუსთან” ბახველები.
_ უწყლობა უპირველესი პრობლემაა. ხალხი გაწვალებულია, მაგრამ რა ქნან, შეეჩვივნენ და კმაყოფილდებიან იმით, რაც აქვთ. ზოგს სახლში აქვს ჭა და იმით სარგებლობს, _ აღნიშნავს სოფელ ბახვის რწმუნებული იური ვაშალომიძე, _ გამსკდარია წყლის ამორტიზირებული მილები, მთლიანი სისტემა მოძველებულია, რასაც დაემატა აგვისტოს სტიქია, მოიშალა სათავე ვაკიჯვარში, საიდანაც მოდის წყალი ბახვში. იქ აგებდნენ ასფალტის საფარს. ეს პრობლემა უცებ არ მოგვარდება.
_ მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი ზაფხულიდან მოყოლებული არ მიეწოდებათ. ვისი პასუხისმგებლობით უნდა დასრულდეს ეს პროექტი?
_ თანხები სოფლის მხარდამჭერი პროგრამით იყო გამოყოფილი, ტენდერში გამარჯვებულია მირიან მამალაძის შპს. ბატონი მირიანი დაგვპირდა, რომ ძალიან მალე მოაგვარებს პრობლემას.
_ როდის უნდა დასრულებულიყო სამუშაო?
_ თუ ნორმალური მუშაობა წავიდოდა და ხელშეშლა არ იქნებოდა, 2013 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ხომ გითხარით, იყო მიზეზები, რის გამოც შეფერხდა წყალსადენის სარემონტო სამუშაოები. გარდა ამისა, ბახვში არსებული რეზერვუარებიც გასარეცხია, რაც შრომატევადი საქმეა. ბატონი მირიანი დაგვპირდა, რომ ამასაც გააკეთებდა.
_ ბატონო იური, სრულდება თუ არა სამუშაოები ხარისხიანად?
_ ხარისხიანად უნდა შესრულდეს _ ესაა მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის საინვესტიციო და გარემოს განვითარების განყოფილების უფროსს თემურ ჩავლეშვილს, რომლის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, სოფელ ბახვში წყლის პრობლემა აღარ უნდა იდგეს და პროექტი კარგა ხანია დასრულებული უნდა იყოს:
_ არ ვიცი, თუ მაგ მხრივ რაიმე პრობლემაა ბახვში. გადავამოწმებ ინფორმაციას და დაგიკავშირდებით, თუმცა წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი კარგა ხანია, დასრულებული უნდა იყოს, _ გვითხრა ჩავლეშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრსასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე იმით დაინტერესდა, თუ, კონკრეტულად რომელი უბნიდან დაგვიკავშირდნენ:
_ რომელი უბნიდან მოგაწოდეს ინფორმაცია, რომ ბახვში წყალი არ არის?
_ ბატონო თემურ, რა საჭიროა დაკონკრეტება, როცა ამ ინფორმაციას რწმუნებულიც ადასტურებს? თითქმის ყველა უბნიდან დაგვიკავშირდნენ.
_ კი, ბატონო, გავარკვევთ. ისე, რომ ვიცოდეთ, რომელი უბნიდან შეგეხმიანენ, ვნახავდით, იმ უბანში რა პრობლემაა.
_ ბატონო თემურ, როგორც ვიცით, ეს პროექტი ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. მოსახლეობა ელოდება, როდის ექნებათ წყალი.
_ კლიმატური პირობების გამო დადგა ეს პრობლემა. დანარჩენს გავარკვევთ, _ გვითხრა გიორგაძემ.
“გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა ინდმეწარმე მირიან მამალაძემ. მას სატელეფონო შეტყობინებაც გავუგზავნეთ, რომ მისი კომენტარი გვჭირდებოდა, თუმცა, ვერც ამის შემდეგ მოვახერხეთ მასთან დაკავშირება.